Facebook-ზე რატი ამაღლობელის მიერ დაწყებულ თემას აქ, ჩემს ბლოგზე გავაგრძელებ. იდეა კი შემდეგში მდგომარეობს: განვიხილავთ ყველაზე ცნობილ ინტელექტუალ ქალბატონებს (და არა მხოლოდ ინტელექტუალ:)), რომლებმაც ასე თუ ისე "ჭკუიდან გადადგეს" დიდი მწერლები თუ მოაზროვნეები.
ვიწყებ ქალბატონი მერი შელით
მერი შელი (Marry Shelley (Mary Wollstonecraft Godwin; 30 August 1797 – 1 February 1851)) დაიბადა ლონდონში ცნობილი ფემინისტის, მასწავლებლისა და მწერლის, მერი უოლსტონკრაფტისა და არანაკლებ ცნობილი ლიბერალური ფილოსოფოსის, ჟურნალისტ-ანარქისტისა და ათეისტის, უილიამ გოდვინის ოჯახში. მერის დედა მშობიარობას გადაყვა, ამიტომაც მასა და მის ნახევარდაზე, ფანი იმლაიზე უილიამ გოდვინი ზრუნავდა, რომელმაც ქალიშვილებს არაჩვეულებრივი განათლება მისცა. ეს კი იმ დროისათვის საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო.
მომავალში თავის მეუღლეს, თავისუფლად მოაზროვნესა და ათეისტ პერსი ბიში შელის მერი უილიამ გოდვინის წიგნების მაღაზიაში შეხვდა, სადაც ის თავის მეუღლესთან, ჰარიეტთან ერთად იყო მისული. პერსი ბიში შელი არ იყო ბედნიერი ქორწინებაში, ამიტომაც მშვენიერი მერით მოხიბლულმა პოეტმა უხშირა გოდვიინების წიგნების მაღაზიაში მეუღლის გარეშე ვიზიტებს. 16 წლის მერისა და პერსი ბიში შელის ერთმანეთი შეუყვარდათ. 1814 წლის ზაფხულში შეყვარებული წყვილი, მერის ნახევარ და კლერ კლერმონტთან ერთად საფრანგეთში გაიქცა. შელისათის ეს უკვე მეორე "გაქცევა" იყო - სამი წლით ადრე ის თავის მეუღლესთან, ჰარიეტთან ერთად გაიქცა. შელი და მერი ძალიან გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ 3 კვირის შემდეგ დაბრუნებისას უილიამ გოდვინმა მათი ხილვაც კი არ მოინდომა.

შვებად მერისათის იქცა მისი შრომები და რა თქმა უნდა პესი ბიში შელი, რომელიც მრავალი კონფლიქტისა და გუგებრობების მიუხედავად, მაინც მთელი სიცოცხლის სიყვარულად იქცა. თავის მხრივ შელიც აღფრთოვანებული იყო თავისი მეუღლით, თუმცა ერთგულებაზე და იდეალურ სიყვარულზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. მერი ამას მაშინ მიხვდა, როდესაც პერსი ბიში შელიმ მის საუკეთესო მეგობართან, ტომას ჰოგთან სარეცელის გაზიარება სთხოვა. მერი რა თქმა უნდა სასტიკ უარზე იყო. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი მათი გაუთავებელი ჩხუბებისა და კამათებისა. გარდაიცავალა მერი შელი 1851 წლის 1 თებერვალს ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის გამო.
1816 წლი მაისშიპერსი ბიში შელი, მერი და კლერ კლერმონტი შვეიცარიაში გამეგზავრნენ ჯორჯ გოდონ ნოელ ბაირონთან შესახვედრად (კლერ კლერმონტი დაფეხმძიმდა ბაირონისაგან). დათქმულ ადგილას ისინი 14 მაისს ჩავიდნენ, ბაირონი კი მათ 25 მაისს, მეცნიერ-ფიზიკოსთან, ჯონ უილიამს პოლიდორთან ერთად შეუერთდა. ამ დროისათვის მერი უკვე ითხოვს, რომ მას მიმართონ როგორც მისის შელი (საქმე იმაში გახლვათ, რომ პერსი ბიში შელის პირველმა მეუღლემ, ჰარიეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და მერისა და პერსის დაქორწინების საშუალება მიეცათ). ჟენევიევის ტბასთან მდებარე სოფელ კოლონიში ბაირონს ვილა ჰქონდა ნაქირავები, შელები კი გვერდით, ნაკლებად პომპეზურ სახლში ცხოვრობდნენ. მეგობრების გართობის ძირითადი საშუალება შემოქმედება, ნავით სეირნობა და ღამის საუბრები იყო.
"ზაფხული ნესტიანი და ცივი იყო, გადაუღებელი წვიმა სახლიდან გარეთ გასვლის საშუალებასაც არ გვაძლევდა" - იხსენებდა შემდგომში მერი შელი. ერთერთი საუბრისას მეგობრები განიხილავდნენ მე-18-ე საუკუნის პოეტისა და მწერლის, ერაზმუს დარვინის ექსპერიმენტებზე, რომელიც გალვანიზაციისა და მკვდარი სხეულის გაცოცხლების საკითხებით იყო დაკავებული. ერთ ერთი მოსაზრებით დარვინმა შეძლო კიდევაც "გაეცოცხლებინა" მიცვალებული სხეული. ბუხართან გამართული ამ მხიარული საუბრის შემდეგ ბაირონმა დამსწრეებს შესთავაზა ყველას შეექმნა თავისი ისტორია ერაზმუს დარვინის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებზე. ძალიან მალე მერი გოდვინმა ნახა სიზმარი:
"მომეჩვენა ფერმკრთალი ოკულტისტი მეცნიერი, რომელიც რაღაც სხეულზე იყო დახრილი და სხეულის დანაწევრებულ ნაწილებს აერთებდა. მე დავინახე შემზარავი ფანტომი ადამიანური სახით. შემდეგ, რაღაც არაამქვეყნიური მექანიზმის ამუშავების შედეგად ამ ფანტომმა მოძრაობა დაიწყო. მისი მოძრაობები შებოჭილი და არაქათგამოცლილი იყო. ეს ამაზრზენი სანახაობა იყო. ადამიანის ნებისმიერი მცდელობა მოატყუოს შემოქმედის უნივერსალური მექანიზმი ასეთივე მაზრზენი იქნება." - იხსენებდა მერი შელი.
მერიმ დაიწყო მუშაობა ამ თემაზე, რომელიც თავიდან ნოველის სახით იყო ჩაფიქრებული, თუმცა პერსი ბიში შელის თხოვნითა და დახმარებით მან რომანის სახე მიიღო. ეს მერის პირველი რომანი იყო, რომელსაც მან "ფრანკენშტეინი, ანუ ახალი დროის პრომეთე" უწოდა. რომანი 1818 წელს დაიბეჭდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.
вторник, 24 ноября 2009 г.
ცნობილი, ინტელექტუალი ქალბატონები
Автор:
ჰერმან ჰესსე
на
1:26
2
коммент.
пятница, 20 ноября 2009 г.
კარლოს კასტანედა – შამანი, ანთროპოლოგი, თუ..?
“ჩემთვის ერთადერთი რეალური მიღწევა – მებრძოლად ყოფნის ხელოვნებაა. ესაა მხოლოდ, როგორც დონ ხუანი ამბობდა, გაწონასწორების საშუალება შენი ადამიანად ყოფნის საშინელებასა და შენ რომ ადამიანი ხარ, იმით აღფრთოვანებას შორის.”კარლოს კასტანედა
მეოცე საუკუნის სამოციანი წლები: პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ვიეტნამის ომის დასაწყისი, რევოლუცია მუსიკასა და ხელოვნებაში და ჰიპიზმი, უნიკალური სუბკულტურა, Flower Power, დევიზები: Not war, make love; sex, drugs and rock’n’roll, როგორც მეცნიერთა უმეტესობა აღნიშნავს, სწორედ ამ მიზეზებმა და დევიზებმა ჩაუყარა საფუძველი ჰიპიზმის სუბკულტურას. თუმცა თუ უფრო ”ღრმად ჩავყვინთავთ”, ვნახავთ, რომ მთლად ასეც არ უნდა ყოფილიყო.
ჰიპიზმის ძალიან მსგავსი ანალოგი უკვე არსებობდა გერმანიაში ჯერ კიდევ 1896 წლიდან თვით ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე და ამ მსგავსებას ძალიან სასიამოვნო და მეტად პოეტური სახელიც ერქვა - ”გადამფრენი ჩიტუნები” (Wandervogel). ”ჩიტუნები”გატაცებულნი იყვნენ წარმართობით და ძველი, ”კეთილი” გერმანული სიძველეებით, უყვარდათ ბუნება და ვერ იტანდნენ კაპიტალიზმს, ატარებდნენ გრძელ თმებს და პაციფიკის მსგავს ნიშნებს, ეცვათ მძივებით მოქარგული პერანგები, უყვარდათ ყვავილებისა და სხვა უცნაური სიმბოლოების ხატვა.

ყმაწვილი ვანდერფოგელელები ანთებდნენ კოცონს ბუნებაში, მღეროდნენ ძველ სიმღერებს სიყვარულზე და თვლიდნენ, რომ სიყვარულს უფრო ხშირად უნდა მიეცნენ, ვიდრე იარაღის ჟღარუნს. რა თქმა უნდა ბევრ მსგავსებასთან ერთად ბევრი განსხვავებაც იყო: არანაირი ნარკოტიკები და გარყვნილება. სწორედ ამიტომაც ვანდერფოგელელებს პრინციპიალური ჰომოეროტების მყარი რეპუტაცია ჰქონდათ. როგორც ჰერმან ვირტი ამბობდა: ”ეს არის ფართო ახალგაზრდული მოძრაობა, რომლის წევრებიც მოგზაურობენ სოფლებში, აგროვებდნენ ეროვნულ ფოლკლორს, ჩვეულებრივ ყმაწვილკაცურ რევოლუციურობას არქაიკისადმი პარადოქსულ ინტერესში ხვევდნენ. ვერ იტანდნენ თანამედროვე სამყაროს, ქალაქებისა და ბირჟების მევახშე სულსა და კოსმოპოლიტურ ჯოჯოხეთს, რომლადაც მათი აზრით ნელ ნელა იქცეოდა სამყარო. მათი ანარქიზმი ეხამებოდა საკუთარი ერისა და მისი ისტორიის სიყვარულს. ვანდერფოგელელების მთავარი მოთხოვნები იყო:
1. ვეგეტარიანიზმი;
2. ნუდიზმი;
3. ხალხური მედიცინა;
4. ალკოჰოლისაგან თავის შეკავება;
5. ჩაცმულობის რეფორმა;
6. სოციალური სტატუსის მოთხოვნა;
7. ქალაქი-ბაღი;
8. მიწის რეფორმა;
9. სექსუალური რეფორმა;
10. ჯანსაღი კვება და ეკონომიკური რეფორმა;
11. სოციალური რეფორმა;
12. ქალების, ბავშვებისა და ცხოველების უფლებების ლიბერალიზაცია;
13. ერთობა;
14. კულტურული და რელიგიური რეფორმა.

ვანდერფოგელელებს ძალიან მოსწონთ სიურეალიზმი, დადაიზმი, წარმართობა, ფემინიზმი, პაციფიზმი, ფროიდის ფსიქოანალიზი. ვანდერფოგელელთა შეხვედრების ხშირი სტუმრები იყვნენ ჰერმან ჰესსე, კარლ გუსტავ იუნგი, აისიდორა დუნკანი, ლოურენსი, ფრანც კაფკა და სხვები.”
მოგვიანებით, პროტოჰიპების დიდი ნაწილი ”გაიკრიჭა” და შეერწყა ჰიტლერიუგენდს, რომლის ხელმძღვანელი, ბალდურ ფონ შირახი, ოდესღაც ასევე ”გადამფრენი ჩიტუნა” იყო. ასე, რომ ჰიპების გენეალოგიაში SS-ის ერთი გრუპპენფიურერიც მოიხსენიება.

ჰიპური სუბკულტურის ფუძემდებლებად უფრო უცნაური პოეტი და მწერალი ბიტნიკები ითვლებიან, რომლებიც აშშ-ში მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ. ჰიპიზმს ხშირად უკავშირებენ ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიც არიან ალენ გინზბერგი და ჯეკ კერუაკი. ამ ”დჰარმის მაწანწალებმა” ჰიპურ იდეოლოგიას მართლაც ბევრი რამ მისცეს - მგზნებარე, თუმცა სრულიად ზედაპირული დაინტერესება აღმოსავლეთით, ინდოეთი, ბუდიზმი, ადამიანის შინაგანი სამყაროსკენ მიბრუნება, თვითსრულყოფილების ახალი ხერხების ძიება, ადამიანის სრული თავისუფლების სატყუარა, ე.წ. ”ზურგჩანთიანი რევოლუცია”, მოკლედ ”ტონობით რომანტიკა” სიახლეებს მოწყურებული თაობისათვის.

ფსიქოდელიკური პოეზიის გაჩენაზე დიდი ზეგავლენა იქონია კენ ნორდინმა. ეს გახლავთ სახელი, რომელიც ამერიკელთა უმეტესობამ არ იცოდა, თუმცა მისი ხმა აბსოლუტურად ყველას ჰქონდა ერთხელ მაინც მოსმენილი. ნორდინი, რომელსაც უამრავი სარეკლამო რგოლი ჰქონდა გახმოვანებული, ითვლება ე.წ. ”word jazz”-ის სტილის ფუძემდებლად. მანვე შექმნა ალბომი ”Colors”, რომელზედაც ყველა ფერმა მიიღო აბსოლუტური ფსიქოდელიკური აღწერილობა. თუმცა ვერც ბიტნიკები იქცნენ თაობის სავიზიტო ბარათად, ამის გაკეთება უკვე თვით ჰიპებმა შეძლეს.
როდესაც ჰიპურ მოძრაობაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული ”სითბოთი” უნდა მოვიხსენიოთ ”ოქროს სამკუთხედისა” და კოლუმბიელი ნარკობარონებიც. მათი კოლოსალური კაპიტალიც ხომ ზუსტად 60-იანი წლების შედეგი იყო. ნარკოტიკები (მორფი, კოკაინი) ამერიკული მუსიკის პოპულარულ თემად ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში იქცა - ჯაზი, ბლუზი, ქანთრი ხომ ზუსტად “The Stuff”-ს ეძღვნებოდა. თუმცა ჰალუცინოგენებისა და თეთრი ფხვნილების მასიური მოხმარება სწორედ 60-იანებში დაიწყო.

რა თქმა უნდა არ უნდა დავივიწყოთ ტიმოთი ლირიც - ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც დაახლოებით 1960 წელს მექსიკაში გემო გაუსინჯა ”მხიარულ სოკოებს”, რომლებმაც მისი შემეცნება საგრძნობლად ”გააფართოვეს” ისე, რომ კიდევ რაღაც-რაღაცეების ”გაფართოების” სურვილი გაუჩნდა. სწორედ მაშინ გაახსენდა ”LSD”. ლიზერგინული მჟავის დიეტილამიდი შვეიცარიელმა ფარმაცევტებმა ჯერ კიდევ 40-იან წლებში შექმნეს, თუმცა მისი ”საწარმოო” მოხმარება ზუსტად ტიმოთი ლირის ”ხელდასმით” მოხდა, ტიმოთი ლირისა, რომელიც უკვე შეუდგა ”შემეცნების ალქიმიას”. ყოველივე ამის გამო ”LSD- ს წინასწარმეტყველი” ჰარვარდიდან გარიცხეს, თუმცა ამას არც შეუწუხებია ტიმოთი ლირი. ჩაიცვა რა პაციფიკებითა და ყვავილებით შემკული თეთრი პერანგი, ის იქცა ”ყვავილოვანი ძალის გურუდ”. აქცენტმა აღმოსავლურ ფილოსოფიაზე, რომელიც ადამიანის შემეცნებას აქამდე არნახულ საზღვრებამდე აფართოვებდა (რა თქმა უნდა ტიმოთი ლირმა არ იცოდა არც სანსკრიტი და არც ჰინდი) განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს ემატებოდა LSD ან კოკაინი, პლუს ლევატურ ფილოსოფიასთან შეთამაშებამ და ანტისამხედრო პაციფიზმმა ტიმოთი ლირი ეპოქის სიმბოლოდ აქციეს. ჩვენ, ვისაც არ გვიცხოვრია ხმაურიან 60-იანებში, შეგვიძლია მივმართოთ ლირის ფირფიტას (სხვათაშორის არის CD-ზეც) ”You Can Be Anything This Time Around”-ს - სიტარა, ”ჰარე კრიშნა, ჰარე რამა”, ჯიმი ჰენდრიქსი და ბადი მაილზი ბექებზე, - ერთი სიტყვით შეგვიძლია მივმართოთ ეპოქის ერთობ დამაინტრიგებელ დოკუმენტს და დავინახოთ ყველაფერი ეს.

თავისთავად ფსიქოდელიკური მუსიკის ბუმი და swinging 60-იანები, ”შავი პანტერებისა” და ჩარლი მენსონის კომუნის ჩათვლით გაცილებით უფრო ფართო და მრავლისმომცველია, ვიდრე მხოლოდ ჰიპური მოძრაობა, მაგრამ პაციფიკის ნიშნითა და იდეის, - not war, make love, ზეგავლენით იღწვოდნენ ისეთი მუსიკოსები და მუსიკალური ჯგუფები, როგორებიც არიან: ”The Grateful Dead”, “Jefferson Airplane”, უპოპულარულესი და ლეგენდარული ჯიმი ჰენდრიქსი, ამერიკის ხელისუფლების მიერ ”ხრინწიან ისტერიჩკად” წოდებული ჯენის ჯოპლინი, ექს “Lovin’Spoonful”-ი ჯონ სებასტიანი, “Country Joe & The Fish”, ბარდი და ბარდის შვილი, არლო გატრი, რომელიც ერთ დროს ცნობილი ექსტრემისტი რაბინის, მეიერ კოჰანის მოსწავლე იყო. ჰიპიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ - ”ვუდსტოკის მუსიკისა და ხელოვნების ბაზარმა” 400 000-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა, რომელთათვისაც ზემოთ ჩამოთვლილი მუსიკოსები უკრავდნენ. მოკლედ ეს იყო ეპოქა, რომელშიც მძვინვარებდა ფსიქოდელიკური მუსიკა, LSD და სხვა ჰალუცინოგენები, აღმოსავლური ფილოსოფიის ბუმი და ახალფეხადგმული New Age, ახალი ეპოქის ეკლექტიკა.

1968 წელს გამოდის კარლოს კასტანედას პირველი წიგნი,- ”დონ ხუანის სწავლებანი” და ფსიქოტროპული საშუალებებით დაინტერესებულ წრეებში უცებ დიდი აჟიოტაჟი ატყდა - ტიმოთი ლირისა და ჰიპების სხვა სახელგანთქმული მამებისაგან განსხვავებით, აქამდე ასე თუ ისე მაინც უცნობი და მომხიბვლელი შამანიზმის თემა ახალგაზრდობამ უცებ აიტაცა და კასტანედას პოპულარობამაც არ დააყოვნა. რა იყო მიზეზი ასეთი უეცარი პოპულარობისა? სწორედ ამის დადგენას შევუდგებით ჩვენც. მაშ ასე, დავიწყოთ დასასრულის დასაწყისიდან.

ცნობა გარდაცვალების შესახებ: “კარლოს კასტანედა – მასწავლებელი ბევერლი ჰილზიდან; დიაგნოზი: ღვიძლის კიბო”... ასეთი მოკლე და ლაკონური გახლდათ გარდაცვალების ცნობა ადამიანისა, რომელმაც საიდუმლოებებით მოცული ცხოვრებითა და სამხრეთ-დასავლელ მოგვთა შესახებ უცნაური ამბების “მოყოლით”, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ინფორმაციული ვაკუუმი მისი პიროვნების ირგვლივ და ჭორები: “კასტანედას მაგიური ფეხები აქვს – ქრისტეს მსგავსად ფეხშიშველი დადის, მაგრამ კორძები არ უჩნდება”... “კასტანედა ქვებით ჩაქოლეს”... “კასტანედამ ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრა და ეს აქტი ერთდროულად დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ჩაიდინა”... ვინ იყო ის სინამდვილეში? ანთროპოლოგი, მწერალი, ბელეტრისტი, მაგი, თუ საუკუნის ყველაზე ცნობილი, მომხიბვლელი და შეურიგებელი მატყუარა?
თითქმის არაფერია ცნობილი კასტანედაზე. ის გარკვეული მოსაზრებების გამო მკაცრად არიდებდა თავს ყოველგვარ ფირზე ჩაწერას ან გადაღებას: “სხვადასხვა სამყაროებში რომ იმოგზაურო და უკანაც დაბრუნდე, ჯობია შეუმჩნეველი იყო. რაც მეტია შენს შესახებ ცნობილი, ანუ რაც უფრო იდენტიფიცირებადი ხარ, მით უფრო ნაკლებია შენი თავისუფლება. თუ ხალხში ჩამოყალიბდა წარმოდგენა იმის შესახებ, ვინა ხარ შენ და როგორი შეიძლება იყოს შენი მოქმედება, დაკარგავ გადაადგილების თავისუფლებას. “საკუთარი ისტორიის წაშლა,” – დონ ხუანის უპირველესი და უმთავრესი გაკვეთილია...”

თუმცა მაინც არსებობს რამდენიმე ჩანაწერი და კასტანედამ თავად დაუშვა მათი არსებობა. დაიბადა დაახლოებით 80 წლის წინ პერუში. მას საკმაოდ მკაცრი ბაბუა ზრდიდა. ცხოვრების დიდი ნაწილი ლოს-ანჯელესში გაატარა. კასტანედა ჰოლივუდის უმაღლეს სკოლში სწავლობდა. ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო. რის შემდეგაც, ცოტა ხნით, კითხულობდა ლექციებს ანთროპოლოგიაში ქალაქ ირვინში, კალიფორნიის უნივერსიტეტში. თომას რიპი იხსენებს: ”ის მე მაგონებდა მოცალეობის ჟამს ცრურწმენებთან მებრძოლ პროფესორს, ”არკეთების” პროფესორს, რომელიც საკუთარ ლანჩს ამზადებდა. თუმცა ყველაფერი ეს იმის გამოკლებით, რომ ამ პროფესორს თვალი მაგისა ჰქონდა, მარცხენა, სწორედ ის, რომელიც შენს შემეცნებას გადმოუცემელი ძალით იპყრობდა”. მაგრამ ყველა აღწერა მცდარი და ხანმოკლეა. კასტანედას არ ჰქონდა მხოლოდ ერთი ”გარეგნობა” და ”სახე”, მას ისინი ძალიან ბევრი ჰქონდა. მისი გარეგნობა იცვლებოდა გუნება-განწყობილების მიხედვით. კასტანედას მასწავლებლების, დონ ხუანისა და დონ ხენაროს მსგავსად ის იცინოდა, იგინებოდა, გამოსცემდა არამიწიერ ხმებს, შემდეგ კი დარწმუნებითა და მჭერმეტყველურად გადმოსცემდა საკუთარ აზრს საგანთა ბუნების შესახებ.
კასტანედას პირველი ორი წიგნის, - ”იაკი, ცოდნის გზა” და ”ცალკეული რეალობა”, გამოქვეყნების შემდეგ ფსიქოტროპული საშუალებებით დაინტერესებულ წრეებში დიდი აჟიოტაჟი ატყდა. მათ ფსიქოდელიკურ საშუალებათა მოხმარების ახალი, საოცარი ჰორიზონტები დაინახეს. მრავალთა თვალში ის უკვე ფსიქოდელიკური რევოლუციის პანთეონის პერსონაჟს წარმოადგენდა.
წიგნები სენსაციურად ხატავდნენ ას ფუტიან კოღოებთან შეჯახებებს, ადამიანთა თავებს, რომლებიც ყვავებად იქცეოდნენ, ავტომობილებს, რომლებიც ყველას თვალწინ, დღისით, მზისით ქრებოდნენ, ერთი და იმავე ფოთოლს, რომელიც ოთხჯერ ეცემა, მოლაპარაკე კოიოტს... მათ ფონზე კასტანედას მტკიცებები თავშესაქცევი და სასაცილო იყო. სწორედ ამიტომაც, ისინი იქცნენ ეპისტემოლოგიურ ნათელ დინებად თაობისათვის, რომელსაც აგიჟებდა და ახელებდა ახალი ფაქტების, ახალი ”გაგების” აღმოჩენა, თაობისათვის, რომელსაც სწყუროდა ახალი ცდები, ახალი შესაძლებლობები, თაობისათვის, რომლის დევიზიც იყო Sex, Drugs and Rock’n’ roll და ეს დინება ძალიან ძლიერი იყო.

პოლიტიკური ესტაბლიშმენტი თავს ესხმოდა კასტანედას. აკრიტიკებდა მას და საზოგადოებისათვის საშიშად თვლიდა. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებდა კასტანედას სიძლიერეს. ცდილობდნენ რა მისი თავგადასავლების პეიოტას (ძლიერი ჰალუცინოგენური ნივთიერების, მესკალინის შემცველი კაქტუსი, რომელსაც მექსიკელი ინდიელების ზოგიერთი ტომის მოგვები სხვადასხვა რუტუალებისას იყენებდნენ) ზემოქმედებაზე გადაბრალებას, ისინი კიდევ ერთხელ ცდებოდნენ - აკრძალული ხილი უფრო გემრიელი აღმოჩნდა, პეიოტას პერსპექტივა კი უფრო გამომაჯავრებელი.
პოპულარობამ, რომელიც კასტანედას ამ წიგნებმა მოუტანეს, საზოგადოების მხრიდან მისი პიროვნებით დაინტერესება გამოიწვია. თუმცა კასტანედამ უკვე აამუშავა ”საკუთარი ისტორიის წაშლის” მექანიზმი და სახალხოდ განაცხადა:
”არაფერია მოსაყოლი კარლოს კასტანედაზე! პიროვნება? ეს ტყუილია, სიცრუეა! ქალები? წარმატება? მერე და ვის რა სირად სჭირდება ეს ყველაფერი? ჩვენ რომ საკუთარი თავით ამდენად გატაცებულნი არ ვიყოთ, ასე ბარბაროსულად არ მოვეპყრობოდით საკუთარ ”მე”-ს...”
ყველაფერი კი 1960 წელს დაიწყო. ზუსტად ამ წელს კასტანედა შეხვდა იაკის ტომის ინდიელს, დონ ხუან მატუსს. ამ დროისათვის ის უკვე ლოს ანჯელესის უნივერსიტეტს ამთავრებდა და ანთროპოლოგიაში დიპლომის მისაღებად ემზადებოდა. პროფესორობის სურვილმაც გაიღვიძა და დასაწყისისთვის რამდენიმე პუბლიკაციის მომზადება დაიწყო. ერთერთი პუბლიკაცია სამკურნალო მცენარეებს შეეხებოდა. არიზონის ავტოსადგურში მეგობარმა მას მოხუცი ინდიელი დაანახა და აცნობა, რომ მატუსი პეიოტას ექსპერტი იყო. მოგვიანებით, 1972 წელს, სემ კინთან ინტერვიუში მან თქვა: ”მე დიდმნიშვნელოვანი, თავმომწონე გამომეტყველებით გამოვეჯგიმე მოხუცს და განვუცხადე: გავიგე, რომ ბევრი გცოდნიათ პეიოტას შესახებ. მე ექსპერტი გახლავართ ამ დარგში (ამ დროისათვის მხოლოდ ერთადერთი წიგნი, უესტონ ლა ბარრეს ”პეიოტას კულტი” მქონდა წაკითხული) და მგონი ურიგო არ იქნება ჩვენი საუბარი...” ჰოდა... მან მხოლოდ შემომხედა და ჩემი მამლაყინწობა უეცრად სადღაც გაქრა. ენა მუცელში ჩამივარდა. საერთოდ ფრიად მიმწოლი მოსაუბრე ვარ და ასეთი მდგომარეობა ჩემთვის სრულიად უჩვეულო იყო... შემდეგ დაიწყო ჩვენი შეხვედრები. ერთი წლის შემდეგ კი მან მითხრა, რომ გადაწყვიტა გადმომცეს საიდუმლო ცოდნა, რომელიც თავის დროზე მოძღვრისაგან მიიღო...”
1961 წელს კასტანედა ანთროპოლოგი უცებ კასტანედა მაგის შეგირდად იქცა. მატუსთან ურთიერთობა 1973 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ კი... შემდეგ დონ ხუანი და მისი ჯგუფი ასრულებენ რა თავიანთ ბედს, ნისლის მსგავსად იშლებიან და ქრებიან ამ სამყაროდან, რათა ”უსასრულობის ნავიგატორებად” იქცნენ. მანამდე კი დონ ხუანი უბიძგებს კასტანედას დაწეროს მექსიკური შამანიზმის მისეულ სამყაროზე... და სამი ათეული წლის განმავლობაში არ ცხრებოდა დებატები - მისი ცხრა ბესტსელერი ფიქციაა თუ რეალობა.
კასტანედას წიგნები ხშირად შეიძლება ვიპოვოთ New Age სექციებში, რომელთა ჟანრი ”კვაზისინამდვილეა”, რომელიც შეიძლება ან არ შეიძლება იყოს რეალური თქვენი აღქმის მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად. გაზეთმა ”The Los Angeles Times” კასტანედა New Age-ს მოძრაობის ერთერთ ნათლიმამად დაასახელა.
მაგრამ ეს არ არის ის აღწერა, რომელიც კასტანედას შეესაბამება. ”30 წელი ადანაშაულებენ კარლოს კასტანედას ლიტერატურული პერსონაჟის შექმნაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის, რასაც მე მათ ვუყვები, არ ექვემდებარება ანთროპოლოგიურ აპრიორის, სალექციო დარბაზებსა თუ ანთროპოლოგიურ საველე ცდებისას დამკვიდრებულ იდეებს”, - გვპასუხობს ის.
კასტანედა ამბობს: ”დასავლელი ადამიანის ცოდნის სისტემა გვაიძულებს დავეყრდნოთ წინასწარ გამზადებულ იდეებს. რა არის ორთოდოქსალური ანთროპოლოგია? რა არის შამანის საქციელი? მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ატაროს ფრთები თავზე და სულებს მოუხმოს?”...
როგორც უკვე აღვნიშნე, მკითხველი ძირითადად კასტანედას პირველ ორ წიგნს იცნობს: ”იაკი, ცოდნის გზა” და ”ცალკეული რეალობა”. ორივე მკაცრად ფოკუსირდება ჰალუცინოგენური მცენარეების გამოყენებაზე (რამაც, ჩემის აზრით, განაპირობა კასტანედას ასეთი უეცარი პოპულარობა), რომლებსაც შამანი დონ ხუანი იყენებდა, რათა დახმარებოდა კასტანედას ”გაეშვა საკმაოდ ვიწრო სოციალური შეგრძნება სწავლულისა”:
”ფსიქოტროპულ საშუალებებს დონ ხუანი მხოლოდ ჩემი განსწავლის დასაწყისში იყენებდა. იყენებდე იმიტომ, რომ მისი თქმით, მე მეტისმეტად თავდაჯერებული და დამუხრუჭებული ვიყავი. ისე ვებღაუჭებოდი სამყაროს ჩემეულ აღწერილობას, როგორც წყალწაღებული ხავსს. ფსიქოტროპულმა საშუალებებმა გაარღვიეს ჩემი თავდაცვა - გლოსების ჩემი სისტემა, დაინგრა ჩემი დოგმატური თვითდაჯერებულობა...”
თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ საშუალებებს მაგები, მედიუმები და ოკულტისტები ოდითგანვე იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში. მაგალითად, ჩრდილოელი შამანები უპირატესობას ანიჭებენ ახალი ”ბუზიჭერიას” ნაყენს - სოკო შეიცავს მიკოატროპინს, რომელიც ძლიერ ჰალუცინაციებს იწვევს. ამავე მიზეზით ყველა დროისა და ქვეყნის ჯადოქრები ჭკუას კარგავდნენ ”დურმანსა” და ”ბოლზე”. აზიელი მისტიკოსები კი ამისათვის ”ანაშასა” და ”ოპიუმს” ხმარობენ. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ მცენარეთაგან ყველა როდი შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს - ნარკოტიკებად ხომ მედიცინა მხოლოდ იმ ნივთიერებებს თვლის, რომლებიც მომხმარებლებში მიჩვევასა და უკვე შემდგომ, ბიოქიმიურ დამოკიდებულებას იწვევს.

”ბუზიჭერია”, ”დურმანი”, ”ბოლი”, ”ლენცოფა”, ესენი უფრო ტოქსიკომანების ტრფობის ობიექტებია, რომლებთაც იმავე მიზეზებისათვის წებო, ბენზინი ან აცეტონიც აწყობთ. მისტიკოსები კი ამ მცენარეებს განსაკუთრებული, ისეთი ეზოთერიკული ქმედებებისთვის იყენებდნენ, როგორებიცაა: სულების გამოძახება, მაგიური ზემოქმედება, წინასწარმეტყველება და ა.შ. თანამედროვე სნობ ახალგაზრდობას არ უყვარს ანთროპოლოგიური გამოკვლევები, თორემ წინაპართა ”კაიფზე” ბევრ საინტერესო რამეს გაიგებდა. აი მაგალითად, ტეილორი თავის წიგნში ”პირველყოფილი კულტურა” აღწერს, რომ ამერიკაში ინდიელები მაგიური მიზნებისათვის ხშირად ხმარობდნენ ჩვეულებრივ თამბაქოს. იმისათვის, რომ წინასწარმეტყველურ ბოდვაში დაფლული განძის ადგილმდებარეობა გაეგოთ, დარიენის ტომის ინდიელები ბავშვებს Datum Sanguinea-ს თესლებს აჭმევდნენ. პერუელი ქურუმები, რომლებიც ”გუაკას” ან ფეტიშებს ესაუბრებოდნენ, ეკსტატიკურ მდგომარეობაში ნარკოტიკული სასმელის, ”ტონკას” საშუალებით შედიოდნენ. რა თქმა უნდა, გამონაკლისს არც მექსიკელი ქურუმები წარმოადგენდნენ და ამ მიზნებისათვის ”ოლოლიუკის” თესლებისაგან დამზადებულ მალამოს ან სასმელს იყენებდნენ. ანალოგიური მიზნებისათვის მთელი ამერიკის კონტინენტზე თამბაქოს ხმარობდნენ. მაგალითად, ბრაზილიელი ჯადოქრები კონვულსიური ორგიების დროს დიდი რაოდენობის თამბაქოს მოწევით შედიოდნენ ექსტაზში და ხედავდნენ სულებს, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ თამბაქოს მათთან ”წმინდა ბალახს” უწოდებენ. მაგალითების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ასე, რომ აქ უბრალოდ ვიტყვით, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს გასაკვირი კასტანედას დაინტერესება ფსიქოტროპული საშუალებებით, თუმცა მასთან ყოველივე ამას, როგორც აღვნიშნეთ, ცოტა სხვა დატვირთვა აქვს.
კასტანედა არ ეთანხმებოდა ცნობილ ტიმოთი ლირის, რომელიც ასევე ფსიქოტროპული საშუალებების სპეციალისტი იყო:
”მისი ნაშრომები არანჟირებაა ტრადიციული დასავლეთ-ევროპული გლოსებისა. მე არასოდეს მიმიღია LSD, მაგრამ დონ ხუანთან განსწავლის პროცესმა სრულიად დამარწმუნა იმაში, რომ ფსიქოტროპული საშუალებები გამოდგება მხოლოდ ჩვეულებრივ ინტერპრეტაციათა ნაკადის შესაჩერებლად, აღიარებული დარწმუნებულობის შესარყევად. მაგრამ ისინი თავისთავად ვერ დაგეხმარებიან ”სამყაროს გაჩერებაში”. ამისთვის საჭიროა სამყაროს ალტერნატიული, სრულფასოვანი აღწერილობა. აი, რატომ მასწავლიდა დონ ხუანი სახელდობრ მაგიას...”
აგრძელებს რა მსჯელობას ”პეიოტას”, ”ბოლისა” და ”ეშმაკეული ბალახის” გამოყენების შესახებ, ის ამბობს:
”ფსიქოტროპული საშუალებების ქვეშ მყოფს ყოველთვის გახსოვს ეს ფაქტი და ამიტომ ყოველთვის არსებობს დაეჭვება ამ მდგომარეობაში განცდილის სინამდვილეში...მაგრამ როდესაც კოიოტი დამელაპარაკა, მე აღარ მქონდა დაეჭვების მიზეზი. მე ვეღარ დავაბრალებდი ამას ნარკოტიკს და ამგვარად რაციონალური ახსნის მონახვაც შეუძლებელი იყო. მე სინამდვილეში ”შევაჩერე სამყარო” და მცირე დროით გავედი აღწერის ჩვეული, დასავლეთ-ევროპული სისტემის ფარგლებიდან...”

ყოველივე ამის მიუხედავად, კასტანედას ნაწარმოებები მაინც ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების სინიმებად იქცნენ. მაგრამ მკითხველი, რომელიც გასცდა მის პირველ ორ წიგნს, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც დაინტერესებულნი იყვნენ სამხრეთ-დასავლური კულტურითა და შამანიზმით, დაჯილდოვდნენ საინტერესო, უფრო რომანტიკული ანთროპოლოგიური თავგადასავლებით.
კასტანედას სამყაროს, ძველი მექსიკელი შამანების სამყაროს გაგება-გააზრება ემსგავსება ნახატში სახის აღქმის კლასიკურ მცდელობას. თავდაპირველად არ არის არაფერი, მაგრამ თუკი თქვენ აგრძელებთ ყურებას, მთელი თქვენი ყურადღების კონცენტრირებას ფოკუსზე ახდენთ, საბოლოოდ გამოიკვეთება სახე და ამ მომენტიდან, ყოველთვის, როცა არ უნდა შეხედოთ სურათს, მასზე თქვენ სახეს ხედავთ.
მაგრამ კასტანედასთვის მთავარი, როგორც თავადვე ამბობს - ”განსაკუთრებით მნიშვნელოვანი”, იყო მებრძოლის და ცოდნის კაცის წესით ცხოვრების იდეა. იმედი ”ხედვისა” და ”სამყაროს გაჩერების” უნარის დაუფლება:
”დონ ხუანი ამბობს, რომ რასაც მაგები ”ხედვას” ეძახიან, ესაა სამყაროს შეცნობა ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე. ტრადიციული ფილოსოფიური ტერმინოლოგიით კი - სუფთა, ”განცვიფრებული ბავშვის” აღქმა. სწორედ მაგიაა ამის მიღწევის საშუალება. ჩვენ ხომ გვაქვს უეჭველი რწმენა, რომ სამყარო მხოლოდ ისეთია, როგორსაც ვიღებთ შეთანხმებულ აღწერილობაში? ეს რწმენა რომ შეარყიო და დაანგრიო, უნდა შეისწავლო სამყაროს ახალი აღწერილობა - მაგიური. და შემდეგ ორივე აღწერილობა უნდა შეინარჩუნო. მაშინ დაინახავთ, რომ არც ერთი მათგანი არაა საბოლოო. ამ მომენტში თქვენ თითქოს სრიალს იწყებთ ამ ორ აღწერილობას შორის, თქვენ აჩერებთ სამყაროს და თქვენ ხედავთ, თქვენ იძირებით განცვიფრებაში, ჭეშმარიტ განცვიფრებაში - სამყაროს ხედვაში ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე...”

კასტანედამ იცოდა ისიც, რომ ყველა, ვინც კი შეთანხმებული სამყაროს გაკვალული ბილიკების მიღმა მოგზაურობს, ძალიან მარტოდ უნდა გრძნობდეს თავს:
”... სამყარო, რომელშიც დონ ხუანი ცხოვრობს, ჩვენთვის საშინელია. ამ სამყაროს რომ შეუერთდე, უნდა მოშორდე ყველაფერს მეტად ადამიანურს; ერთხელ დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან ყოფნის დღეებში, მე გამეხსნა მათი მარტოობა და დავინახე, რომ ჩვენს ტრადიციულ ათვლის წერტილებთან, ჩვენს სასაცილო, საყვარელ სათამაშოებთან დაბრუნების გზები მათ უკვე აღარა აქვთ... ეს მარტოობა დონ ხუანს, ჩემი აზრით, ხელოვნების ხარისხში ჰყავს აყვანილი. ამ ხარისხის მარტოობა აუცილებლადაა დაკავშირებული ძალასთან, რომელსაც იგი თავად ფლობს და სრულად აკონტროლებს... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს თავისებური მეტაფორული ნირია, ყაიდაა ცხოვრებისა...ამიტომაა, რომ მის მოძღვრებას დრამატულობის გემოც დაჰყვება...”
დონ ხუან მატუსისა და მისი თანამოაზრე მექსიკელი შამანების ამოცანა მთავრდება იმით, რასაც თავად ”ასტრალურ გაფრენას” და ”უსასრულობის ნავიგატორებად ქცევას” უწოდებენ. ისინი მართლაც გაქრნენ, შეერწყნენ უსასრულობას. მაგრამ ამ სამყაროდან წასვლამდე დონ ხუანი უხსნის კასტანედას და მის სხვა მოსწავლეებს, რომ ძველ მექსიკელ შამანთა ეს ხაზი კასტანედაზე, უკანასკნელ ნაგვალზე დასრულდებოდა. ენერგეტიკულ კონფიგურაციაში რაღაც, რასაც თავის შემდეგ ტოვებდნენ შამანები, არაკეთილსასურველი იყო ხაზის გაგრძელებისათვის. ასე, რომ კასტანედასა და მისი თანამოაზრეების ამოცანა ძველი მექსიკელი შამანების ხაზის დახურვა იყო:
”...და დონ ხუანი უკანმოუხედავად წავიდა. დონ ხენარომ ერთი-ორჯერ მოიხედა და თვალი ჩამიკრა: მიდიო! - მანიშნა. მე ვუყურებდი როგორ იკარგებოდნენ ისინი ბინდიან შორეთში...მერე კი ჩემი ავტომანქანისაკენ გავემართე. მივედი, ჩავჯექი, დავქოქე და გავემგზავრე, რადგან ვგრძნობდი, რომ ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარიყო...”

ჭორები კარლოს კასტანედას გარდაცვალების შესახებ ისეთივე გაზვიადებული იყო, როგორც მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მიზეზი? საზოგადოებამ კასტანედას გარდაცვალების შესახებ მისი აღსასრულიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ გაიგო, მისი აგენტის ინფორმაციით, ცხედარს კრემაცია გაუკეთეს, ფერფლი კი არიზონას უდაბნოში მოაპნიეს. იქნებ ეს ასეც იყო, მაგრამ საზოგადოება, რომელიც 30 წლის განმავლობაში თვალს ადევნებდა და ფსიქოდელიკური პანთეონის გმირად ასახელებდა კასტანედას, მის აღსასრულშიც სხვა რამეს ხედავდა, ან უნდოდა დაენახა. რატომ? ბოლოს და ბოლოს, კასტანედა ამტკიცებდა, რომ ის არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, თუმცა სასამართლო ჩანაწერები საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ის დაბადების ყველაზე ცოტა ორ ადგილსა და თარიღს ასახელებდა. ის წერდა, რომ გაიზარდა ნისკარტი, გადაიქცა ყვავად და ისწავლა ფრენა (რაც ასევე საეჭვოა). თუმცა გარდაცვალების ცნობამ მას უტიფრად საშუალო სკოლის მასწავლებელი უწოდა. ე.ი. კასტანედა ცდილობდა ყველაფერი ”გაეყალბებინა”...
შეეძლო კი ამ ყველაზე პრაქტიკულ ”მატყუარას” საკუთარი გარდაცვალების გაყალბება? ასეთი შესაძლებლობის განსახილველადაც კი მისი ორსახოვანების წარმოდგენა იყო საჭირო...
თაყვანისმცემელთა არმიისათვის კი ის გაფრინდა, ვითარცა ყვავი, აორთქლდა, შეერწყა უსასრულობას, მოახდინა ”ასტრალური გაფრენა” და დონ ხუანისა და დონ ხენაროს მსგავსად ”უსასრულობის ნავიგატორად” იქცა... და მაინც, Vaia Con Dios Don Carlos…
Автор:
ჰერმან ჰესსე
на
3:44
3
коммент.
Ярлыки: კასტანედა
вторник, 17 ноября 2009 г.
უბრალოდ ანონსი

გუშინ ჩემს ძველ ნაწერებს ვათალიერებდი და უეცრად გადავაწყდი სტატიას: "კარლოს კასტანედა - ანთროპოლოგი, შამანი, მაგი, თუ...?" გადავიკითხე... ცოტათი გავხალისდი, ცოტათი ნერვები მომეშალა საკუთარ თავზე და დაშვებულ შეცდომებზე, ცოტათი ის ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი გავიხსენე, რომლითაც ასე სავსე ვიყავი მაშინ, მოკლედ ყველაფერი ცოტათი, თუმცა სტატია საკმაოდ კარგი გამომსვლია - ეს აუცილებლად უნდა ვაღიარო :) ჰოოოდა, ხვალ აუცილებლად დავდებ იმ სტატიას, გპირდებით :) ეს თავისებური ანონსია ხვალინდელი პოსტისა. აბა ხვალამდე
Автор:
ჰერმან ჰესსე
на
6:55
0
коммент.
Ярлыки: ანონსი
понедельник, 16 ноября 2009 г.
L&M-ის გათამაშება - ანუ კითხვები სკანვორდებიდან
დღეს დილით ნინიმ გამაღვიძა - ერთ ჩვენს მეგობარს რაღაც კონკურსისათვის კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი და გთხოვ დაეხმარეო. ძალიან კი გავბრაზდი, 9 საათზე რო გამაღვიძეს, მაგრამ აბა რას ვიზამდი? კარგი-თქო დავთანხმდი. ცოტა ხანში დაიწყო კითხვების "შემოსვლა" სმს-ებით. პირველი კითხვა იყო ასეთი: სად გაიხსნა პირველი მეტროპოლიტენი? სავარაუდო პასუხები: ლონდონი; ლისაბონი; ამსტერდამი. ნუ მარტივი კითხვაა თქო გავიფიქრე და პასუხიც მივწერე-ლონდონი. უცებ მეორე კითხვა მოვიდა: მატადორის ატრიბუტი!!! სავარაუდო პასუხები: მონტერა, მანდოლინა და მესამე კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ ნუ დავუშვათ მაჩეტე!
გავუგზავნე პასუხი და მესამე კითხვამაც არ დააყოვნა: ყველაზე ამაყი ცხოველი!!! ვერ წარმოიდგენთ სავარაუდო პასუხებში ლომიც იყო!!! :) სხვა ორს რაც შეეხება ლემური და ლამა იყვნენ! და ბოლო შეკითხვა: პედრო ალმადოვარის ფილმი არის: "მატადორი" და კიდევ ორი რაღაც, რაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერ დავიმახსოვრე. გავეცი პასუხი და დიდ მადლობასთან ერთად მივიღე დაპირება იმისა, რომ კვირას სწორი პასუხები იქნება და თუ გავედი 200 საუკეთესოში ტელეფონს მოვიგებთოოო :) ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქო და გადავბრუნდი, ვიფიქრე ძილს შევიბრუნებ თქო, მაგრამ ვეღარ შევძელი. მერე ფიქრი დავიწყე და იქამდე მივედი, რომ "ვაი ჩვენს პატრონს!!!" ამ სკანვორდებიდან ამოღებული შეკითხვებით თუ აფასებს ვინმე ჩვენი ერის ინტელექტუალურ დონეს, ხო შევრცხვით ბატონო მთელი მსოფლიოს წინაშე??? ეეეეჰ, მერე გამახსენდა ერთ ამერიკელ ფილოლოგთან მქონდა ურთიერთობა, დოქტორი იყო და სადოქტორო ნაშრომი გოეთეს "ფაუსტზე" ჰქონდა დაცული, დიდი სიამაყით გადმომცა სადოქტორო, დიდი მონდომებით და გულისყურით (მეგობრების დახმარებით, თორე ამას მხოლოდ მე როგორ გავიგებ ჩემი ინგლისურით თქო) გავეცანი მის ნაშრომს და განცვიფრებისაგან ჯერ პირი დავაღე, მერე დავმუწე, მერე ისევ დავაღე და ბოლოს ძალიან ბევრი ვიცინე!!! მე მსგავს საკურსო ნაშრომს არ ვიღებდი სტუდენტებისაგან, ეს კიდევ დოქტორი გახდა! ჰოდა ამით იმის თქმა მინდა, რომ რას გაიგებ ვის რა და როგორ თქო და გავიღიმე, ავდექი, შხაპი მივიღე და ეხლა აქა ვარ :)
P.S. რაც შეეხება კითხვებს, შევეცდები მცირე ინფო მოგცეთ მათ შესახებ.
1. მეტროპლიტენის პირველი ხაზი ლონდონში 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. ორთქლმავალი კომპანია "Metropolitan Railway"-მ შექმნა. ხაზი 7 სადგურისაგან შედგებოდა, სიგრძე კი 3.6 კმ-ს შეადგენდა. იმის მიუხედავად, რომ ორთქლმავალი ნახშირზე მუშაობდა და მგზავრების უმრავლესობა გამოყოფილი კვამლისაგან შავდებოდა, გახსნის დღიდანვე ის ყველაზე პოპულარულ ტრანსპორტად იქცა. მოლოდ გახსნის დღეს მეტროპოლიტენით 30 000 ადამიანმა ისარგებლა.
2. რაც შეეხება მატადორის ჩაცმულობას:
კოსტუმს, რომლითაც მატადორი გამოდის არენაზე Traje de Luces ქვია, რაც ესპანურიდან თარგმანში "სინათლის კოსტუმს" ნიშნავს(ეს სახელი მან მიიღო ოქროსა და ვერცხლის ძაფებით შესრულებული ნაქარგების გამო).
მატადორის კოსტუმი დღემდე ფაქტობრივად არ შეცვლილა, ის ტრადიციის ნაწილია და ამიტომაც ყოველდღიურ ჩასაცმელზე მოდის ზეგავლენამ Traje de Luces-ზე გავლენა ვერ იქონია. ერთადერთი რაც შეიცვალა, გახლავთ მატადორის თავსაბურავი - Montero, რომელიც მთელი მე-19-ე საუკუნის განმავლობაში განიცდიდა ცვლილებებს და საბოლოოდ სამკუთხედი ქუდისაგან მივიღეთ ის, რაც ეხლა გვაქვს.
შესასრულებლად ყველაზე რთულად ითვლება მატადორის ჟილეტი, Chaquetilla. კოსტუმის სწორედ ეს ნაწილია ყველაზე მეტად მოქარგული და ფოჩებიანი დაბოლოებებით დამშვენებული. ის გარკვეული წესების მიხედვით იკერება. ჟილეტი სრულდება წელთან, ძალიან მყარია, იღლიებთან კი გახსნილი - მატადორმა მასში თავი თავისუფლად უნდა იგრძნოს. ტორეოდორის შარვალს Taleguilla ჰქვია. შარვალიც მოქარგულია, ხშირად იყენებენ ხავერდს.
მატადორის ჩაცმულობის აუცილებელი ატრიბუტებია Medias – ე.წ. გოლფები და Zapatillas - სპეციალური ფეხსაცმელი ბაფთით, Camisa - პერანგი ჟაბოთი, Corbatín - წვრილი ბაფთა, რომელიც ჰალსუტხს ცვლის, Capote de Paseo - სადღესასწაულო ლაბადა, რომელიც ასევე გამოირჩევა ნაირფერადი ნაქარგებით.
რაც შეეხება მატადორის შეიარაღებას:
Capote - დიდი, მძიმე ლაბადა, რომელსაც მატადორი პირველ ტერციაში იყენებს.
Muleta - საშუალო ზომის წითელი ფერის ლაბადა, რომელიც დამაგრებულია ნახევარმეტრიან ჯოხზე და რომელსაც მატადორი მესამე ტერციაში იყენებს ხართან.
Estoque - მატადორის დაშნა, რომლითაც ის ლეტალურ დარტყმას ახორციელებს. დაშნის ბოლოში არის მცირე ზომის ამონაზარდი, რომელსაც muerte ჰქვია რაც ესპანურიდან თარგმანში სიკვდილს ნიშნავს.
3. რაც შეეხება ამაყ ცხოველს, ამაზე აღარ შევჩერდები, თუმცა ძალიან ძალიან საინტერესოა ვინ დაადგინა ის ფაქტი, რომელი ცხოველი უფრო ამაყია??? რას უწუნებთ ბატონო ან ლამას ან კიდევ ლემურს??? :)
4. რაც შეეხება პედრო ალმადოვარის ფილმს "მატადორი".
ფილმი გამოვიდა 1986 წელს და გახლავთ ალმადოვარის ერთ ერთი პირველი ფილმთაგანი. მონაწილეობენ: ანტონიო ბანდერასი; კარმენ მაურა და ასსუმპტა სერნა.
Автор:
ჰერმან ჰესსე
на
14:14
1 коммент.
Ярлыки: ისევ კითხვები
пятница, 13 ноября 2009 г.
შტრიხები ფრანც კაფკას პოტრეტისათვის
ინტერნაციონალური ჰაბსბურგის იმპერიის დაშლის შემდეგ ავსტრიამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მიიღო, რაც ხელს უწყობდა გერმანული ლიტერატურიდან ავსტრიულის გამოცალკავებას. ავსტრიაში მოღვაწეობენ ზიგმუნდ ფროიდი, აქ იქმნება მაზოხიზმის სწავლება, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრის ნოველისტის, ზახერ მაზოხის სახელს უკავშირდება. ავსტრიამ შვა ერთერთი გამოჩენილი “გერმანელი” პოეტი რაინერ მარია რილკე, უნიჭიერესი ნოველისტი შტეფან ცვაიგი, რომელმაც თავის შემოქმედებაში რეალიზმის ტრადიციები გააგრძელა. აქ ნათლად გამოისახა იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის ტენდენციებიც.
აქედან გამომდინარე, მცნება “პრაღული გერმანული ლიტერატურა” უკავშირდება იმ ლიტერატორთა სახელებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩეხეთის დედაქალაქში, რომელიც თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში შედიოდა ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში: ფრანც კაფკა, რაინერ მარია რილკე, მაირინკი (მისტიური რომანები: “გოლემი” და “ვალპურგის ღამე”) და მიუზილი.
ფრანც კაფკა და მისი შემოქმედება შეიძლება მივიჩნიოთ იმ საუკუნის სიმბოლიკად. კაფკა დაიბადა პრაღაში ებრაულ ოჯახში, წერდა გერმანულ ენაზე და მიეკუთვნებოდა ავსტრიულ ლიტერატურას. მისი ავადმყოფური ფანტაზიის შედეგად შექმნილი კოშმარები და ფანტასმაგორიები ერთობ წინასწარმეტყველურნი აღმოჩნდნენ. მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებმა, სტალინურმა და ჰიტლერულმა საკონცენტრაციო ბანაკებმა მისი ნაწარმოებები შეავსეს იმ შინაარსით, რომელიც ავტორს მათში არ ჩაუდია და ალბათ ვერც მოახერხებდა ამის დანახვას. კაფკას წინასწარმეტყველებებზე მისი გარდაცვალების შემდეგ ალაპარაკდნენ. სხვადასხვა დროის სხვადასხვა ქვეყნებში მას კრძალავდნენ, არ თარგმნიდნენ და არ გამოსცემდნენ. კაფკას შემოქმედება ასე თუ ისე დამახასიათებელია მოდერნიზმისათვის.
ფრანც კაფკას მთელი პროზა შეიძლება მოვნათლოთ ერთ დიდ ესსედ შიშის შესახებ. ესსე ადამიანური არსების მდგომარეობაზე, რომელიც განწირულია ყველა მისი მცდელობით მივიდეს კანონთან და მიაღწიოს სიმართლეს, მაშინაც კი, როცა ის ზეაქტიურია. შიშის ამ ფსიქოლოგიისაგან იბადება ადამიანური ყოფის ფილოსოფია, რომელიც კლასების თეორიისა და პოლიტიკისაგან ძალიან შორს დგას. თავის მხატვრულ სახეებში კაფკა ქმნიდა კაცობრიობის სამყაროსეულ არათავისუფლებას, რომელიც სოციალური, იდეოლოგიური, ფსიქოლოგიური და მოარალური “ჯაჭვითაა” დაბმული.
ფრანც კაფკამ დაამთავრა პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მუშაობდა სადაზღვევო აგენტად, რაც იმ დროისათვის საკმაოდ პრესტიჟულად და საპასუხისმგებლოდ ითვლებოდა. მარტოხელა და არ ან ვერ გაგებული კაფკა წერდა ღამით. სიცოცხლეში ნაკლებად იბეჭდებოდა. მისი შემოქმედება სამი დაუსრულებელი რომანისაგან შედგება: “ამერიკა”, “პროცესი” და “სასახლე”,-რომლებიც მწერლის გარდაცვალების შემდეგ ეგრევე, 1925-1926 წლებში, გამოსცა მისმა სულიერმა მეგობარმა, ლიტერატორმა მაქს ბროდმა, კაფკაზე პირველი მონოგრაფიის ავტორმა და ამით ფაქტიურად დაარღვია მწერლის სურვილი და ანდერძი – დაეწვა ყველა მისი ნაწარმოები. ბროდმა გამოსცა ასევე ნოველები “მეტამორფოზა” და “გამოსასწორებელ კოლონიაში".
კაფკას მიერ შექმნილ ყველა ნაწარმოებში იმდენად იგრძნობა ესსეისტურობა, ქვეტექსტი, მეორე პლანი და წარმოქმნილი ასოციაციები, რომ ჟანრისგან დამოუკიდებლად, თამამად შეიძლება მივაკუთნოთ “თქმულებებს”.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კაფკა ლიტერატურაში შემოდის მეორე გერმანულენოვან გენიოს მწერალთან, ჰენრიხ ფონ კლაისტთან ერთად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლაისტის გარდაცვალებიდან უკვე საუკუნე იყო გასული. გასაოცარია, მაგრამ კაფკასა და კლაისტს შორის საკმაოდ თვალშისაცემი ტიპოლოგიური მსგავსებაა. როგორც ჩანს კაფკა აღმერთებდა კლაისტს. როცა კლაისტების ოჯახმა 1911 წელს ჰენრიხის ნაადრევად გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ საიუბილეო დღესასწაული მოაწყო, კაფკა, რომელიც გაურბოდა ახალ ნაცნობობას, გაურბოდა ხალხმრავლობასა და ხმაურს, საზოგადოების წინაშე თავისი “ჭლექიანი” ხმით კლაისტის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს კითხულობდა. მათ შორის მართლაც ბევრი საერთოა. ერთსაც და მეორესაც გერმანულ ლიტერატურაში შემოაქვთ ისეთი კატეგორია, როგორიც აბსურდია. ორივე შემოქმედი ერთდროულად “შეამჩნიეს”: კლაისტი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, კაფკა კი შედარებით ადრე, მისი ნაწარმოებების გამოქვეყნებამდე. ასე, რომ კლაისტიცა და კაფკაც ერთდროულად შემოდიან გერმანულენოვან ლიტერატურაში.
ჩვენ შეგვიძლია თვალი მივადევნოთ კაფკასა და ჰენრიხ ფონ კლაისტის ნოველისტიკის მსგავსებას. მაგალითისთვის ავიღოთ კაფკას ერთერთი ყველაზე ცნობილი ნოველა “მეტამორფოზა”. რა ფრაზით იწყება ნოველა?
“ერთხელ, დილით, გაიღვიძა რა საკუთარ საწოლში შფოთიანი ძილის შემდეგ, კომივიაჟორი გრეგორი ზამზა აღმოაჩენს, რომ გადაიქცა საშინელ გიგანტურ მწერად.” მორჩა! ნოველას არავითარი ექსპოზიცია არ გააჩნია. ის პირველივე წინადადებაში გვაძლევს აბსოლუტურად აბსურდულ საწყის მოვლენას. თუკი ჩვენ მას ვიღებთ (ჩვენ კი არ შეგვიძლია ის არ მივიღოთ, იმდენად, რამდენადაც ეს პირველი ფრაზაა, რომელიც ჩვენ უკვე წავიკითხეთ და შევუდექით მომდევნოს კითხვას.), თუკი ჩვენ ვუშვებთ, რომ კაფკას სამყაროში ადამიანი შეიძლება გადაიქცეს გიგანტურ ხოჭოდ, მაშინ ყველაფერი სხვა აბსურდად აღარ მოგვეჩვენება. აბსურდული ნოველაში არც არაფერი ხდება. გაგრძელება საკმაოდ ლოგიკური და ბუნებრივია. მშობლები ინერვიულებენ და შეშფოთებულნი იქნებიან. გრეგორი საზოგადოებისაგან გუცხოვდება, ოჯახი იმ მიზეზით, რომ მარჩენალი დაკარგა, ოთახების გაქირავებას დაიწყებს, სახლის მაცხოვრებლები აღშფოთებულნი იქნებიან იმ ფაქტით, რომ მათ გვერდით გიგანტური მწერი ცხოვრობს და ყველა ერთდროულად იგრძნობს შვებას, როცა ის გახევდება. ანუ, ყველაფერი საკმაოდ ლოგიკურად ვითარდება და არანაირ სიცრუეს ადგილი არა აქვს. საიდან მოიტანა კაფკამ ნოველის ამდაგვარი სტრუქტურა?
ეხლა კი შედარებისთვის ავიღოთ ჰენრიხ ფონ კლაისტის ნოველა “მარკიზა ფონ ო.” პირველი წინადადება:
“ჩრდილოეთ იტალიის ერთერთ დიდ ქალაქ ნ-ში უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ქალბატონმა, რამოდენიმე უზადოთ აღზრდილი ბავშვის დედამ მოათავსა განცხადება გაზეთში იმის თაობაზე, რომ ის, თვითონაც არ იცის როგორ და რანაირად დაფეხმძიმდა და თხოვს მომავალი შვილის მამას გამოცხადდეს გვართან დაკავშირებული დოკუმენტაციის გასაფორმებლად.”
ეს ნოველის პირველი წინადადებაა. და ისევ და ისევ, თუკი ჩვენ მივიღებთ საწყის პოზიციას და დავუშვებთ, რომ უმწიკვლო რეპუტაციის ქალბატონი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავსს სიტუაციაში, სხვა დანარჩენი უცნაურად აღარ მოგვეჩვენება.
ტიპოლოგიურად კაფკასა და კლაისტის ნოველები ძალიან გვანან ერთმანეთს. ერთსაც და მეორესაც შემოაქვთ აბსურდის კატეგორია. მაგრამ, აბსურდი მათთან ცოტა სხვანაირია: აბსურდულია მხოლოდ საწყისი მოვლენა.
“მეტამორფოზა”-ში ზედაპირზე დევს ყველაზე ბანალური გააზრება მეტამორფოზისა. ეს “გაუცხოებაა”, გაუცხოება ოჯახისა და საზოგადოებისაგან, მგრძნობიარე ნატურის მარტოობაა, რომელსაც შეუძლია აიტანოს ტანჯვა და მზადაა თავგანწირვისათვის. იგივე თემაა ინტერპრეტირებული რომანში “პროცესი”, რომელიც გვიხატავს კოშმარებს სამართალწარმოებისა, სამართალწარმოებისა, რომელიც ემტერება ადამიანს, შთანთქავს მას და ანადგურებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.
იოზეფ კ.-ს 30 წლის ასაკში აპატიმრებენ, თუმცა ის მაინც “გარეთ” რჩება. მასსა და ადამიანებს შორის დუმილისა და ეჭვიანობის კედელი იმართება. საბოლოოდ სასამართლო, რომლის დანიშნულებაც არა ჭეშმარიტებაში გარკვევა, არამედ მსხვერპლის განადგურებაა. მან უნდა გამოუტანოს იოზეფ კ.-ს სასიკვდილო განაჩენი, რომელსაც გამოუტანს კიდევაც და მას აღასრულებენ კიდეც საშინელ, მკვდარ გარემოში – ქვის სახეხში.
რომანის ჩანაფიქრის კვინტესენცია კონცენტრირებულია თქმულებაში მცხოვრებზე,- ჩასმულ ნოველაში, რომელსაც დამოუკიდებელი სტრუქტურული მნიშვნელობა აქვს და რომანში მომხდარის მოდულირებას ახდენს. ამ თქმულებას იოზეფ კ.-ს უყვება მღვდელი, რომელსაც ის ტაძარში შეხვდა.
გლეხმა კანონის კარიბჭესთან მთელი ცხოვრება გაატარა. კარებს მეკარე-შვეიცარი იცავდა, რომელიც არ უშვებდა, მაგრამ აიმედებდა, რომ შემდგომში ის აუცილებლად მოხვდებოდა კანონთან. მანვე ამცნო გლეხს, რომ კანონი დიდია და კანონის გზაზე უფრო უენო მეკარეები დგანან. წლების განმავლობაში გლეხი შეეგუა ბედს, ის ხანდახან მხოლოდ კითხულობს: “რატომაა, რომ არავინ შესულა კარებში? ადამიანები ხომ ასე ისწრაფიან კანონისაკენ?” და მოისმინა პასუხი: “არავის ააქვს შესვლის უფლება, ეს კარი მხოლოდ შენთვისაა განკუთვნილი! ახლა კი წავალ და ჩავრაზავ მას!”
ამ თქმულების აზრი ადამიანური ყოფის გაორებასთანაა დაკავშირებული: გზა ჭეშმარიტებისაკენ არსებობს, თუმცა ამ გზაზე მცველი დგას. კარები ღიაა, მაგრამ მასში ვერ შეხვალ; ადამიანი იმედოვნებს, მაგრამ განწირულია; ის დაჟინებულია, მაგრამ უძლურია; ის სუფთაა სინდისის წინაშე, მაგრამ ეჭვმიტანილია კანონით. თქმულების პარაბოლა ჭეშმარიტების მითის რღვევაშია, სემანტიკა – კანონი და უკანონობა.
ამ თქმულების ვარიანტებს ჩვენ კვლავ შევხვდებით რომანში “სასახლე”, სადაც ასევე იგრძნობა ეგზისტენციალიზმის გავლენა. აბსურდულია და ძალიან აბურდულია ზემლემარ კ.-ს ისტორიაც, რომელმაც სასახლის კანცელარიიდან მოწვევა მიიღო. მთელი რომანის განმავლობაში ის მაინც ვერ იღებს ვერც სამსახურს და ვერც მითითებებს, თუმცა დაჟინებით ცდილობს. ის უკვე არასასურველი პიროვნებაა სოფელში, მას აღარ ენდობიან. სასახლე – გიგანტური ბიუროკრატიული ადმინისტრაციული მახინაა მთელი რიგი ჩინოვნიკების, მაცნეების, უფროსი მოსამსახურეების განშტოებებით, რომლებიც გრაფ ვეს-ვესტის ნებას ასრულებენ. ცხოვრების ასეთ მოწყობაში ჭეშმარიტება და სამართლიანობა პრინციპში შეუძლებელია. მაგალითი, მეწაღის ქალიშვილის, ამალიას ისტორია, რომელმაც უარყო სასახლის ჩინოვნიკის სურვილები და ამით დაღუპა ოჯახი. ოჯახს ყველამ ზურგი შეაქცია. დარჩა რა შეკვეთების გარეშე, მამამ ხელობას თავი დაანება და გადაწყვიტა მისულიყო სასახლემდე. გლეხის მსგავსად, ისიც დიდ ხანს იჯდა გზაზე, მაგრამ კანონთან მაინც ვერ მივიდა.
უსაზღვრო ძალაუფლება რყვნის მათ, ვის ხელშიც არის, ვინც მას ემსახურება. ეს ძალაუფლება ასახიჩრებს ადამიანს. სამყაროსაგან იზოლირებული ხალხი სოფელში – ეს კრახისა და ჩიხისთვის განწირული ხალხია. ასეთ ტოტალიტარულ და ბიუროკრატიულ სახელმწიფოში არის 2 კლასი: დიქტატურის მსახურნი, ანუ ფუნქციონერები და ადამიანური არსებანი პარალიზებული ნებით, რომლებიც არ ისწრაფვიან თავისუფლებისაკენ და არც ძალუძთ თავისუფლების სიმძიმის ტვირთვა. რომანი “სასახლე” ამოდელირებს ასეთი ტიპის სახელმწიფოებრივ წყობას, წარმოადგენს რა თქმულებას პიროვნებისა და მისი გამანადგურებელი დიქტატურის ძალაუფლებაზე. ამასთან ეს ძალაუფლება მისტიფიცირებულია იმდენად, რომ მისი აღმოჩენა შეუძლებელია: ის უჩინარი და გამოუცნობია, მაგრამ სწორედ ის მართავს ადამიანთა ბედს.
კაფკას პროზის გამოსახვის მთავარი ობიექტი შინაგანი სიზმრების “კოსმოსია”, რომელიც არ ემთხვევა გარე სამყაროს, თუმცა ყოფიერების კონკრეტიკით ილექება მკითხველის შემეცნებაში და ქმნის რეალური სამყაროს ლაბირინთს, უფრო სწორედ მის მოდელს.
კონკრეტული რეალიები, რომლებიც შეგვიძლია ვიპოვოთ კაფკას თქმულებებში, უფრო მეორეხარისხოვანია. ავტორი იყენებს რეალურობას, ცდილობს რა მოშორდეს გრძნობებს:
“არ არის საჭირო სახლიდან გამოხვიდე. დარჩი შენს მაგიდასთან და ყური დაუგდე. ყური კი რ დაუგდო, დაელოდე. კი არ ელოდო, იყავ უმოძრაო და მარტოსული და სამყარო გაგეხსნება შენ. მას სხვაგვარად არ შეუძლია” (დღიურიდან).
ჰპოვა რა “პატარა” ადამიანის სახელმწიფოში გაუცხოების ფილოსოფიის დეტალური გადამუშავება, ფრანც კაფკას შემოქმედება ბევრ საკითხში დამახასითებელი მოვლენა იყო XX საუკუნისათვის. 1957 წელს, ჩამოვიდა რა საბჭოთა კავშირში გარსია მარკესი და ვერ აღმოაჩინა აქ კაფკას წიგნები, მწუხარება გამოთქვა: “...ვფიქრობ, ის შესძლებდა გამხდარიყო სტალინის საუკეთესო ბიოგრაფი” – მწუხარებით თქვა მან.
Автор:
ჰერმან ჰესსე
на
18:03
3
коммент.
Ярлыки: კაფკა
четверг, 5 ноября 2009 г.
დაკარგული დროის ძიებაში, ანუ უმისამართო კითხვები
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო, დათაგულ იქმნა მონაი იგი თქუენი ჩემის სახით კოპალას მიერ და ვპსუხობ გაუთავებელ და ცოტა არ იყოს მომაბეზრებელ კითხვებს!!! არ მოგატყუებთ, კითვებზე დიდ ხანს არ მიფიქრია, რაც მომდიოდა, უცებ ვპასუხობდი, ამიტომ არ ვიცი საერთო ჯამში რა გამოვიდა... მაშ ასე, It's a show time!!!
მიყვარს - კი
ვოცნებობ - სულ
ვფიქრობ - ძილშიც კი და მიხარია, როცა ფიქრისთვის დრო არ მრჩება
მძულს - ყველაფერი „ფსევდო“
ვნანობ - იმას, რომ არაფერს ვნანობ
კმაყოფილი ვარ - არასდროს
მენატრება - ბავშვობა, რომელიც არ მქონია
მსურს - ბევრი რამ
მაღიზიანებს - ყველაფერი მოდური
ვგრძნობ - მთელი სხეულით
მეშინია - ინდეფერენტულობის
ვიცი - გამრავლების ტაბულა
არ ვიცი - რა გველის წინ
შემიძლია - ჯერ-ჯერობით კი და თუ რამე ათასი საშუალება არსებობს J
არ შემიძლია - ჯადოს მოხსნა, მკითხაობა და დაჟინებული მზერით ბუასილის განკურნება
ვმეგობრობ - წიგნებთან
ვაპატიებ - გააჩნია ვის და რას
ვტირი - ნოდარ დუმბაძის წიგნებზე
ვიცინი - ნოდარ დუმბაძის წიგნებზე
ვეძებ - საშუალებას, რომ გავხდე მილიონერი, რომ მერე ის ვაკეთო რაც მინდა
ღირსი ვარ - იმის, რომ ვაკეთო ის, რაც მინდა
ვკარგავ - დროს
მშურს - აქეთ გშურდეთ
ვემალები - საკუთარ თავს
ვემტერები - საკუთარ თავს
მაინტერესებს - რა იქნება მერე
არ მაინტერესებს - სხვისი პირადი ცხოვრება
მახსოვს - ყველაფერი! უბრალოდ ზოგიერთი რაღაცის გახსენება არ მინდა ხოლმე
მრცხვენია - უფრო მეტს რომ ვერ მივაღწიე
უარვყოფ - ყოველთვის - დაპირისპირების მანია მჭირს
ვავადმყოფობ - და არავის ვურჩევ ჩემს მომვლელად ყოფნას
ვმალავ - სევდას
ვინახავ - სევდას
მწამს - იმიტომ, რომ აბსურდია
მიკვირს - უსაქმური და ჭორიკანა ხალხის
მიხარია - რომ ჯერ კიდევ მაქვს შანსი
ვჭორაობ - ნაკლებად
ვდარდობ - ხშირად
ვამაყობ - იმით, რომ ზუსტად შემიძლია გადმოვცე ჩემი განცდები
ვეფერები - ოცნებებს
მსიამოვნებს - კარგი მუსიკა
მესიზმრება - რომ ვცხოვრობ
ვეხმარები - რითაც შემიძლია ყველას
ვეწევი - ბევრს, მათ შორის პატიოსან ცხოვრებას
მწყინს - უსამართლობა
ვხარჯავ - სიცოცხლეს
ვკამათობ - ყველგან და ყოველთვის
ვუხეშობ - როცა მეუხეშებიან
ვუსმენ - წვიმის წვეთებს
ვყოყმანობ - ახლა
ვკითხულობ - ვკითხულობდი და სულ ვიკითხავ
ვამზადებ - ერბო კვერცხს
ვუყურებ - მაშასადამე ჯერ ჯერობით ბრმა არა ვარ
ვკლავ - დროს, თუმცა რომ ვუფიქრდები, დრო იქეთ გვკლავს
ვცხოვრობ - აბსურდის თეატრში
ვცემ - პატივს ღირსეულებს
ვყვირი - და მშველის უარყოფითი ემოციისგან დაცლაში
ვმღერი - გულში
ვასრულებ - 32-ე შემოდგომას
ვმკურნალობ - გაუნათლებლობას
ვერიდები - გათხოვილ ქალებს :P
ვთამაშობ - საკუთარ თავს და პრეფერანსს
ვიტყუები - რომ მხიარული ვარ
ვეთაყვანები - არა და ისა კიდევ!
ვგიჟდები - ჰერმან ჰესსეზე და მორისონზე
ვაგროვებ - განცდებს
“ვკაიფობ” - დი მსუბუქად
ვიზიდავ - გულის გადახსნის მსურველ ადამიანებს, ხშირად სულ უცნობებსაც
ვალამაზებ - საკუთარ განვლილ ცხოვრებას, რომ მერე წიგნად დავწერო
Автор:
ჰერმან ჰესსე
на
5:53
8
коммент.
суббота, 24 октября 2009 г.
რემბო Forever
როგორც პოეტი, ის თითქმის უკვე 130 წელია რაც გარდაიცვალა. ლექსებს მხოლოდ 4 წლის განმავლობაში წერდა. ცხოვრების ¼ აფრიკაში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ იქცა კერპად. სიცოცხლეში დემონის, სკანდალისტის, ოჯახების დამანგრეველისა და ყოველგვარი ნორმების უარმყოფელის „მეწამული გვირგვინით იყო შემკული“. მის სახელს დღეს ყველაზე ძლიერ ალკოჰოლურ კოქტეილებსა და მეტად ესთეტურ კომპიუტერულ ვირუსებს არქმევენ, თავად მას კი დღეს „პირველ ფსიქოდელიკურ რევოლუციონერად“ და „მიძინებული ევროპის უკანასკნელ სულის მესაიდუმლედ“ მოიხსენიებენ.
მისი ლექსებით მოხიბლულ პარიზელ პოეტ პოლ ვერლენთან 16 წლის არტურ რემბო მშობლიური შარლევილის იმ სადგურიდან გაემგზავრა, სადაც მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ადგილობრივმა ბურჟუებმა მას ძეგლი დაუდგეს. ძეგლის დადგმის წინააღმდეგნი იყვნენ რემბოს შემოქმედების ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები ბრეტონი, არაგონი და სუპო - დიდი შემოქმედი სხვაგვარ პატივისცემას მოითხოვსო. ისინი აღმერთებდნენ „უდიდეს სიმბოლისტს“, რემბოს და მათ ჰქონდათ ამის ყველა მიზეზი: სწორედ მან იხმარა პირველად პრაქტიკაში „ავტომატური წერის“ სტილი თეოსოფებამდე და სიურეალისტებამდე - ამ მეთოდის „აღმომჩენებამდე“ გაცილებით ადრე. სიურეალისტებთან მსგავსება ძალზე რეალურია და სულაც არაა მოგონილი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ბრეტონმა აღმოაჩინა პირველად სიურეალისტების მიერ „სულიერი ნადირობის“-ადმი მიბაძვა, რომელიც როგორც თავად ამბობდა „წლების მანძჳლზე სადღაც უკვალოდ იყო გამქრალი“.
ნიკ კეივი რემბოს ნათელხილვისა და ვნების შეუდარებელ მაგალითს ეძახის. ბობ დილანი აღიარებს, რომ მისი უკვდავი „ტარანტული“ არ შეიქმნებოდა, რომ არა რემბოს გავლენა. ჯიმი მორისონი რემბოს „თავის არცთუ ისე მრავალრიცხოვან ისტორიულ ძმად“ მოიხსენიებს. ავანგარდიზმის მთავარი იდეოლოგი და „ადვოკატი“(სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ ადორნოს თანამედროვეები), ფილოსოფოსი ადორნო კი რემბოს ახალი ხელოვნების ისტორიის საწყის კილომეტრად მიიჩნევს და ამბობს, რომ სწორედ რემბომ აქცია „ჩვენი ცხოვრება“ უფრო საინტერესოდ. მალარმემ რემბოს „დევნილი ანგელოზი“ უწოდა(მალარმე აქ ამით არა მხოლოდ რემბოს ზებუნებრივ ნიჭზე მიგვითითებს, არამედ მის საკმაოდ მიწიერ გაქცევაზეც ევროპიდან). ენრი მილერი კი იხსენებდა თუ როგორ ვრცელდებოდა „თვითმკვლელობების ეპიდემია“ „ილუმინაციებისა“ და „ერთი სეზონი ჯოჯოხეთში“-ს ფრაზებით მოსაუბრე გოგონებს შორის. „გოგონები თავს ამ ხარერელ დევნილს უძღვნიდნენ“.
რთულად აღსაზრდელი ბავშვი
ყველაფერი, რაც მან დაწერა რამდენიმე სასკოლო რვეულში თავისუფლად დაეტევა. ყველაფერი ის კი რაც მის შესახებ დაიწერა ალბათ ძალიან დიდ სახლშიც ვერ დაეტევა. მშობლიური შარლევილის კოლეჯში მას „ფრიადოსანისა“ და „ძნელადაღსაზრდელის“ საშიშ ნაზავად იხსენებდნენ. ძალიან მარტივად გადავიდა კლასიდან კლასში, თუმცა კარგი სწავლის პარალელურად რამდენჯერმე გაიქცა სახლიდან და ავტოსტოპით ჩავიდა პარიზამდე, სადაც ნახშირის ბრჟებზე მუშებთან ერთად ცხოვრობდა. მოიგო ლიტერატურული კონკურსი და მისი ლექსები შარლევილის გაზეთში გამოქვეყნდა, თუმცა ლამის ციხეში ამოჰყო თავი შპიონაჟის ბრალდებით: მიმდინარეობდა საფრანგეთ-პრუსიის ომი, პოლიციამ კი მის ბლოკნოტში აღმოჩენილი „აბდაუბდა“ ლექსები კოდირებულ წერილებად მიიღო.
ბოლო წუთამდე ვერლენს ჰქონდა იმედი, რომ შარლევილიდან მასთან არავინ ჩავიდოდა - საქმე იმაში გახლდათ, რომ ვერლენს ვერ წარმოედგინა როგორ შეეძლო 16 წლის ყმაწვილს მსგავსი ლექსების შეთხზვა. ამიტომაც ის დარწმუნებული იყო, რომ მას მისი პარნასელი მეგობრები ეხუმრებოდნენ მოიგონეს რა ეს პროვინციელი ბიჭუნა და მისი სახელით თავიანთ საუკეთესო ლექსებს უგზავნიდნენ ვერლენს. გაბაიუბერების შანსი მართლაც საკმაოდ დიდი იყო - საკუთარი შემოქმედების სხვისად გასაღება იმ დროისათვის პარნასელთა რიგებში საკმაოდ მოდური ხერხი იყო.
თუმცა... თუმცა ვერლენი ცდებოდა... რემბო ჩავიდა ვერლენთან და... პარიზის ლიტერატურულ კაბარეებს გადაურეს ჭორებმა, რომ ვერლენი როგორც მეარღნე მაიმუნს, ყველგან თან დაატარებს ნახევრად შეშლილ ბიჭუნას. რემბო ვერლენის ოჯახში ცხოვრობდა, ხშირად აშინებდა რა მის ცოლსა და მოსამსახურე ქალს თავისი სადისტური ნახატებითა და სიზმრებით, რომლებშიც რემბო თავს მგლად წარმოისახავდა ხოლმე. ნელ ნელა ვერლენის მეუღლის მოთმინების ფიალაც აივსო და რემბოც სხვა ლიტერატორებთან, ბონვილთან და შარლ კროსთან გადასახლდა.
გასხივოსნება
1871 წლამდე, ანუ 17 წლამდე რემბოს ცნობიერება სასკოლო ანტიკურობას, წიგნიერ ოკულტიზმსა და პირად ჰალუცინოზს შორის ბალანსირდება. მას საკმაოდ გამჭოლი მოტივები აქვს: ყვავების არმია, ობოლი ბავშვები, გვამების, ფესვებისა და მწერების ინფერნალური სახელმწიფო ჩვენს ფეხთ ქვეშ: რაც უფრო ღრმად იზრდებიან მიწაში ტაძრები, მით უფრო იწევს წყლის დონე ტბებში. საკუთარი თავი მას რეალობის გრავიტაციულ ციხეში გამომწყვდეული ობოლი ბავშვი ჰგონია, უსახელო და გარდაუვალი მამის ძე!
რემბო მოჯადოებულია შუასაუკუნოვანი სიუჟეტით პრინცის გამოღვიძების შესახებ: პრინცი მიემგზავრება ღმრთის ცრემლებად წოდებული მარგალიტის საპოვნელად. გზად ის მოხვდება ციხესიმაგრეში, სადაც მუდამ ლხინი და ქეიფია. ჯადოსნური ღვინის შემდეგ მას ავიწყდება ღმერთის მარგალიტი. ასეთ მდგომარეობაშია პრინცი მანამ, სანამ მასთან „გამოღვიძების აგენტი“, „ფოსტალიონი არსაიდან“ არ მიდის და ემსახურება რა პრინცს მაგიდასთან სიტყვებითა და ჟესტებით ცდილობს მიახვედროს, რომ ის მოჯადოებულ ციხესიმაგრეშია და აქედან უნდა გაიქცეს. გამოღვიძებული პრინცი დემონად გადაიქცევა, დემონი - პრინცად, უკვე შემდეგ კი ერთ უკვდავ სახედ ქცეული მიემგზავრება ,არგალიტების საპოვნელად. მათ (ანუ პრინცსა და დემონს) ეწერათ გამხდარიყვნენ ღმერთისთის დაბრუნებულ ოქროს ნაპერწკლად - სწორედ ასე წარმოიდგენდა დასაწყისში არტურ რემბო მის კავშირს ვერლენთან.
პარიზიდან ისინი ერთად გაიქცნენ ბელგიაში, სადაც შეუერთდნენ ბელგიელ ანარქისტებს, რომლებიც გამოსცემდნენ გაზეთს „ბომბა“, შემდეგ ლონდონში, სადაც მათ უბრალო ნაცნობიც კი არ ჰყავდათ. ისტორია ვერლენთან საკმაოდ ტრაგიკულად რევოლვერითა და ციხით დასრულდა(ტრაგიკულად ვერლენისათვის): რემბოს მორიგი გამოხტომებით გაგიჟებულმა ვერლენმა ის რევოლვერით ხელში დაჭრა, რის შემდეგ ატირებული პატიებას სთხოვდა რემბოს და თავის მოკვლა გადაწყვიტა. რემბო ძალზე ცივსისხლიანად მოექცა ვერლენს და ის პოლიციასთან დააბეზღა. ვერლენი ამ საქციელისათის 2 წლით მკაცრი რეჟიმის ციხეში ჩასვეს.
რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ფსიქიატრმა კარლ გუსტავ იუნგმა გამოთქვა აზრი, რომ ადამიანი 24 საათის განმავლობაში ხედავს სიზმრებს, თუმცა ღვიძილისას ის მათ ვერ ამჩნევს. რემბო კი გაცილებით ადრე ამბობდა, რომ პასიურ „ღვიძილს“ მას აქტიური ძილი ერჩივნა! 1871 წელს მომხდარი გასხივოსნების (თავად რემბო ასე მოიხსენიებს ამ წელს თავის შემოქმედებაში) შემდეგ კი ის ე.წ. რეალობას მხოლოდ საკუთარი სიზმრების კანონებით ხსნიდა: „მე მთარეული ვარ დღის შუქზე“ - ამბობდა რემბო.
სწორედ გახივოსნების წყალობით ყვავები გადაიქცნენ შავ დროშებად, ობლები „ალქიმიურ ორანჟერეებში დამწიფებულ კრისტალებთან ერთად მეტალის ჯუნგლებში მოცეკვავე ანგელოზებად“, მიწისქვეშა ინფერნო კი ჯოჯოხეთში პერსონალურ ექსკურსიად გადაიქცა: „ თუ მე ვფიქრობ, რომ ჯოჯოხეთში ვარ, ესე იგი ჯოჯოხეთში ვარ“. ქარხნების ჩრდილში ის მეჩეთებს ხედავდა, ტბის სიღრმეებშჳ ლიტერატურულ სალონებს, თანამოსაუბრეთა გამჭვირვალე თავის ქალებში კი „წრესაფიროვან და წრემეტალიკურ“ აზრებს - „ფსიქოდელიკური ბიჭუნა“, ალბათ სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მას ასი წლის შემდეგ...
გასხივოსნებამ მას ეკლესიისადმი ბოლო სიმპატიებიც გაუქრო. სიმპათიის ნაცვლად გაჩნდა ზიზღი „ნებისა და ენერგიის მტრების, ჯვრის ქვეშ გაერთიანებულთა ძაღლური შემრიგებლობისადმი“.საკუთარი წარმართული სისხლის კივილით მთვრალი რემბო ნათესავების გულის გასატეხად და პირველი პრიზელი თაყვანისმცემლების გასახარებლად „მის უდიდებულესობა სატანას“ ესაუბრება: “Того, кто проклят был, во мгле кровавой чтите!” სიმბოლისტების სატანიზმში დადანაშაულების საფუძველიც სწორედ ეს იყო. ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას მასწავლებლებმა რამდენჯერმე წაასწრეს რემბოს, როდესაც ის ცარცით წერდა მერხზე „სიკვდილი ღმერთს“. მიუხედავად ამისა რემბოს და იზაბელი სასწაული სიამაყით ყვებოდა რემბოს „უკანასკნელ ღმერთთან მიახლოვებულ დღეებზე“, თუმცა ეს უკვე სხვა რემბო იყო, რემბო, რომელმაც თითქოს სადღაც გაუშვა პოეტის სული.
რეალობა მოწმეების გარეშე
თავის შემოქმედებაში რემბო ეძებს ძალას ცივილური სამყაროსაგან შორს, პოლარული მზის ლურჯ სხივებში, ადამიანებამდე გადაშენებულ არქტიკულ ყვავილებში...
მას იზიდავს ის, რასაც არა ჰყავს მოწმეები, ის, რისი დანახვაც ადამიანს არ შეუძია, იმიტომ, რომ ადამიანი ჯერ კიდევ არ არსებობს. რემბოს ყველაზე ცნობილი სახე „მთვრალი ხომალდია“, რომელმაც უარი თქვა ნავიგაციასა და მართვაზე. ხომალდის ეკიპაჟი „განმანათლებლობა არ მიღწეული მიწების“ აბორიგენებმა გაანადგურეს. თუმცა ხომალდმა არც ისინი შეიწყალა და მიიღო. ხომალდი არც დამხრჩვალთა გვამებს უშვებს ტრიუმში. წარსულის შუქურებს დასცინის და ერწყმის ოკეანის პოემას...
როცა მე მდორე მდინარეთა მივყევ დინებას,
ვიგრძენ, მეგზური აღარ მყავდა და ვერც მოვძებნე,
სამიზნოდ სამოსგანძარცული მებაგირენი
გაეკრათ ველურ ინდიელებს ფერად ბოძებზე.
მხოლოდ მე ვიყავ უდარდელი ინგლისურ ბამბის
და ფლამანდური ჭირნახულის იმ მზიდავებში
და როცა მიწყდა ჟრიამული, გავყევი ნაპირს
და მდინარებას მინდობილი ქვევით დავეშვი.
იმ ზამთარს ვიყავ ყრუ ყრმის ტვინზე, ვერ ამშვიდებდა
ზღვას ვერაფერი და მოქცევის იდგა ხმაური;
ასე მივქროდი! იმ კუნძულებს და იმ კიდეებს
არ მოსწრებიათ ჯერ იმგვარი დღესასწაული.
გამოვეთხოვე სიზმრებიან და მშვიდ ღამეებს,
მათამაშებდა საცობივით ზვირთის ალერსი,
ამ ბრუნვას ერქვა უსასრულოდ მსხვერპლის წამება,
ათ ღამეს კრთოდა გულგრილობა ჭრაქის თვალებში.
უტკბესი, როგორც ბავშვებისთვის ვაშლი მაჟალო,
გვამში ჩამიდგა მწვანე ზვირთი თითქოს სისხლივით,
ღვინის ნარწყევი გადარეცხა და ფრთა გაშალა,
ღუზა მოგლიჯა, საჭეს ეცა და დამიმსხვრია.
მეც ჩამითრია ზღვის სიმღერამ, იქ ცის კამარა
და ვარსკვლავებით მოჭედილი მარადისობა
იმზირებოდა და ქცეული უძღებ სამარედ
ხანდახან ცხედარს, ჩაფიქრებულს, ზევით ესროდა.
უცებ დაირღვა ლილისფერი ზღვის მაქმანები,
დღის ნელი რიტმი და კაშკაში, და ვით უღვინოდ
დათრობა ანდა უსაზღვრობა ჩვენი ქნარების,
გამწარებული სიყვარულის ვიგრძენ დუღილი!
მე ვნახე ზეცის ჩამოქცევა, რომ იხედება
ელვა, და ზვირთი რომ ღრიალებს, ვნახე საღამო -
აღტაცებული ფრთის მოქნევა ლურჯი მტრედების, -
რაც ადამიანს ესიზმრება დაუსაბამოდ!
მე დავინახე, მზე იდუმალ ბურუსს არღვევდა,
იისფერ ზოლად დაფენილი ენთო დასავლით,
ანტიურ დრამის მსახიობთა მსგავსი ტალღები
იგრაგნებოდნენ ზღვის კიდესთან შავ ფარდასავით!
მეზმანა, თოვლი მაბრმავებდა, ზღვა თვალს ახელდა
და მიკოცნიდა ზურმუხტისფერ მწუხრში ბაგეებს,
ზღვის გაღვიძება დავინახე ჯერარნახული,
ლურჯის და ყვითლის ფოსფორული აციაგება!
მე გავყევ მთვარეს, ასკდებოდა თითქოს ღობეებს
საქონლის ჯოგი, ზღვა ბღავილით ისე მიტევდა,
ვინ იფიქრებდა, რომ შეძლებდა დღეს ღვთისმშობელი
აღმუვლებული ოკეანის კვლავ დამშვიდებას!
გაუგონარი ფლორიდები ვერ იოკებდნენ
ავაზას მზერას, მე ყვავილებს რომ შევადარე!
ზღვის ჰორიზონტზე, ჭაობისფერ ზვირთის ჯოგებზე
გადაიჭიმა ცისარტყელა, როგორც სადავე!
მხოლოდ დუღილი, უსაზღვრობა, მხოლოდ ჭაობთა
და ლელიანში აყროლება დამპალ ვეშაპთა.
ბნელ ჯურღმულებში წყლის ჩაქცევის სანახაობა
და ნიაღვრებში უცებ თვალწინ გადამეშალა!
ბრწყინვა მყინვართა, ზღვის სადაფთა, მარწყვისფერ ცათა!
იქ მეჩეჩებზე გახირული, ბალღამით სავსე
და ბაღლინჯოთა გამოჭმული წყეული ყარდა,
უზარმაზარი, წაქცეული ხეების მსგავსი!
მე რომ შემეძლოს ვაჩვენებდი ახლავე ბავშვებს
ზღვის იმ ბაჯაღლოს, იმ მომღერალ ოქროსფერ თევზებს,
ყვავილთა ქაფმა იავნანა უმღერა ზღვაში
ჩემს გატაცებას არნახული ქარების ფრთებზე.
ზღვამ მოქანცულმა განედებზე ბრძოლით, ბღავილით,
ტკბილი ქვითინი გამაგონა, რწევით დამღალა,
მესროდა ჩრდილის ამობურცულ ყვითელ ყვავილებს
და მე ქალივით დაჩოქილი ვიდეგ ამგვარად...
აბობოქრება, როგორც კუნძულს, მეხეთქებოდა,
რეცხავდა ზვირთი აჟივლებულ ჩიტების სკორეს.
ზღვის ბინადარნი ეშვებოდნენ ფსკერზე ქვებივით.
ჩემს ნაკვალევზე აქაფებდნენ ამღვრეულ მორევს!
ვიყავ მძვინვარე ქარიშხლების ფრთებით ნაცემი
და ყურეებში გახლართული, ჩემს ჩონჩხს ღრიალით
მთვრალ ოკეანეს ვერასოდეს გამოსტაცებდნენ
ვერც ალბათ ჰანზის ხომალდები იალქნიანი.
თავისუფალი, ცას იისფერ ნისლში ვხედავდი
და კედელივით მივარღვევდი და მივდიოდი,
ცა მეწამული მირონცხებულ მოლექსეთათვის
ლაჟვარდის დუჟით და მზის ხავსით იყო დიადი.
ცა დადგომოდა, მორკალული, შარავანდედად
და გახელებულ ცხენთევზების მახლდა ამალა,
ასე მივქროდი და ივლისი კომბლით ანგრევდა
ცხელ და ძაბრივით გადმომხობილ ზეცის კამარას.
მე ვკანკალებდი, ორმოცდაათ მილზე ბღაოდნენ
ბეჰემოტები, ცივ ზვირთებში რომ ინებივრეს.
ქსოვდა მალსტრემი მარადიულ ლურჯ უძრაობას
და ჩემი ფიქრი კვლავ ევროპის მისწვდა ჯებირებს!
მე დავინახე ვარსკვლავების არქიპელაგი,
ცის დარბაზები, ფრინველები სადაც სახლობდნენ!
მომავლის ძალას - ოქროს ჩიტებს ღამე ვერაგი
ალბათ იქ მალავს, იქ იძინებს, მის სიახლოვეს!
დიდხანს ვტიროდი! შევყურებდი დილას მრისხანეს
და გულშემზარავს, მზეს მცხუნვარეს, მთვარეს საშინელს,
ვარ სიყვარულით უსასოო, დე, დამიმსხვრიოს
ზღვამ ხერხემალი და ახლავე დამნთქას ზღვაშივე!
მე მსურს ევროპის მხოლოდ გუბე; იქ, იმ გუბეში,
როცა მზე წითლად ჩამავალი ღებავს დასავლეთს,
გემს უშვებს ბიჭი, ნაღვლიანი და უნუგეშო,
აფარფატებულს გაზაფხულის პეპელასავით.
მე, თქვენთან ნარწევს და განბანილს, ახლა, ზვირთებო,
როდესაც მზერა პონტონების ასე ახლოა,
არ შემიძლია გამოვუდგე ბამბის მტვირთავებს
და არც დროშების ავიტანო ის ქედმაღლობა.
...ჩვენ ცარიელ ოთახში რაიმე ნივთის წარმოსახვაც კი გვიჭირს მასზე ჩვენი აზრის გარეშე, შეიძება წარმოდგენაც კი არ გვქონდეს საკუთარ ოთახზე, სანამ მას ვინმე სხვა არ შეაფასებს ან გარედან ან კიდევ თავად ოთახიდან. ეს შეგრძნების ზღვარია. რემბო კი ამ ზღვრებში ეძებდა კარს გასაქცევად...
რევოლუცია
სოციალიზმის პერიოდში რემბოს ჩვენთან შერჩევით, თუმცა მაინც აღიარებდნენ. განსაკუთრებულად ხაზს უსვამდნენ რემბოს ბიოგრაფიიდან იმ მომენტს, როდესაც პოეტმა თითქმის ერთი თვე წითელი დროშის ქვეშ, კომუნარებთან ერთად გაატარა ბაბილონის ყაზარმაში და სახლში ჯარისკაცის „შინელითა“ და დაგლეჯილი სამხრეებით დაბრუნდა. სოციალისტურ ესტაბლიშმენტს ძალიან მოსწონდა, როდესაც პოეტი წერდა პროლეტარული საფრანგეთის დასვრილ და ბინძურ ხელებზე, რომლითაც ის ბურჟუების თეთრ და მოვლილ ხელებს უგრეხდა. ან კიდევ „Париж заселяется вновь“ - ჟღერადობით სპექტაკლის აფიშან ან კიდევ სასტუმროს რეკლამასა ჰგავს და ზედმიწევნით კარგად ასახავს რევოლუციაგადატანილი დედაქალაქის მდგომარეობას. დახვრეტილი კომუნარების კუბოთა ქარავანი ტოვებს ქალაქს, სცენა და დარბაზი კი კვლავ თავისუფალია: სასახლეები ტყეში, გოგონები ბულვარებში, დედაქალაქი - მეძავი ყველას უმასპინძლდება, უბედური გამარჯვებულებისა და ბედნიერი დამარცხებულების ქალაქი, გამარჯვებულები იცინიან მაგიდებთან, მსხვერპლნი კი მიწაში და ეს ყველაფერი მანამ, სანამ კიდევ ერთხელ არ შეეტაკებიან დაწყევლილი კლასები და ფენები ერთმანეთს. რემბოს უნდოდა მომკვდარიყო მათთან ბრძოლაში.
მოკლედ ეს ყველაფერი სოციალიზმს ძალიან მოსწონდა და მის პოპულარიზაციასაც უწყობდა ხელს, თუმცა აი მჭედელზე უროთი მხარზე, რომელიც ოცნებობს არისტოკრატთა სისხლით გადარეცხოს საუკუნოვანი ჭუჭყი მოედნებიდან უკვე ჩურჩულით იწყებდნენ საუბარს - მეტად ექსტრემალურია. მითუმეტეს მჭედელი, რომელიც ფრანგულ ეპოსში უფრო ჯადოქარი და უწმინდურია, ვიდრე უბრალოდ მშრომელი ადამიანი, სამჭედლო კი ერეტიკოსების თავშეყრის ადგილია. სოციალური ზიზღის სიღრმეში რემბო გრძნობს ალქიმიურ შიმშილს, რომელსაც ვერ იკლავს ვერც მეტალებით, ვერც ძვირფასი ქვებითა და კრისტალებით, ვერც ატმოსფეროთი და ვერც ცისარტყელის სპექტრით. რევოლუცია მას აინტერესებდა მხოლოდ უტოპიის საიდუმლო ადგილებში მოგზაურობის დონეზე და არა ძლიერი ჯაჭვისა და მსუყე ჯამის გამო.
გაქცევა
„ერთი სეზონი ჯოჯოხეთში“ პოლ ვერლენის საყვედურს რემბო ერთერთი „მსხვერპლი ქალბატონის“ საშუალებით გადმოგვცემს: მან მე ვერ გადამარჩინა და ამით დამღუპა“ - ამბობს ის მის „ინფერნალურ საქმროზე“, რომელმაც მისი სული შთანთქა.
ვერლენმა მოიხადა სასჯელი, დაბრუნდა ოჯახში და წარსულისადმი ალერგიის გრძნობით გააგრძელა ცხოვრება. რემბო კი არ ჩერდებოდა, მას მუხრუჭები არ ჰქონდა და უფრო და უფრო შორს მიდიოდა - შორს პარიზიდან და ცხოვრებისა და ლიტერატურის ნორმებისაგან. მისი სახელი კიდევ ერთი რგოლია „დაწყევლილ პოეტთა“ ჯაჭვში, დასავლეთის განსაწმენდელიდან აღმოსავლურ ედემში გაქცეულთა საძმოს წევრი. რემბოს შემთხვევაში ეს უბრალო მეტაფორა არ გახლავთ. მან არამარტო ცხოვრების სტილი, არამედ საცხოვრებელი კონტინენტიც შეიცვალა და მოხალისე მოკვეთილის სიმბოლოდ იქცა.
არტური თავს ანებებს წერას და პოეზიას და მიემგზავრება ახალი და უხილავი თავგადასავლების საძიებლად. თავდაპორველად მოგზაურობს სკანდინავიაში მოხეტიალე ცირკთან ერთად. გეგმავს სვირინგების გაკეთებას მთელს სხეულზე და ამით ფულის შოვნას. მას შემდეგ რაც ის 20 წლის გახდა ის არცერთხელ აღარ დაბრუნებულა ლექსებთან და არც იმ ადგილებთან სადაც შეიძლებოდა იცნოთ როგორც პოეტი. შემდეგ ქვეით ჯარისკაცად გაემგზავრა ინდონეზიაში, საიდანაც ერთი თვის შემდეგ გაიქცა და კვიპროსის ერთერთ ქვის სამტეხლოში ზედამხედველად იწყებს მუშაობას. სწორედ აქ ჰპოვა გასაქანი მისმა სადისტურმა კომპლექსმა: ტყავის ქამარი, გრძელი ხანჯალი და 60-მდე მონა დაქვემდებარებაში... საქმე იმით დასრულდა, რომ ერთ ერთი მონა შემოაკვდა - რემბომ მას თავი ქვით გაუტეხა, რის შემდეგაც იძულებულია დატოვოს კვიპროსი და გაიქცეს აფრიკაში.
აბისინიაში, სადაც ის კოლონიალურ ვაჭრად და გეოგრაფიული საზოგადოების კორესპონდენტად გვევლინება, მას ახალი გატაცება აქვს - ფოტოგრაფია. სწორედ ამ გატაცებას და მისი კომპანიონების მოგონებებს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ რემბოს ცხოვრების ბოლო, აფრიკული ათწლიანი ცხოვრების შესახებ რაღაც ინფორმაცია გვაქვს.
რემბო მთლად გაჭაღარავდა, თმებს ძალიან დაბალზე ატარებს, ხშირად კი საერთოდ თავგადაპარსულია. ატარებს ულვაშებს, იცმევს მუსულმანი მამაკაცების მსგავსად. მის წერილებში ოჯახისადმი უფრო და უფრო ხშირად ჩნდება მაჰმადიანური ანდაზები და აფორიზმები და ციტატები ყურანიდან. მის პირად საქმიან ბეჭედზე ეწერა: „ალლაჰის მსახური და ნელსაცხებლების მომწოდებელი“. ცოლად შეირთო ადგილობრივი ტომის არგობას შავკანიანი მუსულმანი ქალი, რომელმაც ერთი სიტყვაც კი არ იცოდა ფრანგულად. მეგობრობს აფრიკელ შამანებთან, ნადირობს სპილოებზე და ევროპაში პილოს ძვალსა და მაიმუნის ტყავს აგზავნის. ეთიოპიის მეფისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელია. ყველაფერი ეს ეხლა მას ისე იტაცებს, როგორც ადრე ლექსები და ხილვები. თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად შეითვისა ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, რომ დამჯდარი შარდავდა, აბორიგენი მამაკაცების მსგავსად. ჯერ კიდევ პოეტობისას საკუთარ თავს უწინასწარმეტყველებდა: ჯადოქარი! ვაჭარი! კოლონისტი!“ - თითქმის ასეც გამოვიდა. „ზანგი, უმდაბლესი რასსა“- მოირგო რა შავკანიანი ველურისა და კანიბალის როლი, რომელიც თეთრკანიან მისიონერებს სახეში აფურთხებდა - სწორედ ასე უწოდებდა საკუთარ თავს რემბო. რა თქმა უნდა თავის „ერთი სეზონი ჯოჯოხეთში“ ის ბიბლიური ქამის შთამომავალთა სამეფოდან არა ინფექციური ტანჯვით შეპყრობილი დაბრუნებას ცდილობდა, პირიქით: რკინის ტანით, საშიში თვალებითა და მზისგან დამწვარს სურდა დაბრუნებისას დაელია თხევადი მეტალივით ძლიერი სასმელები, სურდა დაბრუნებულიყო იმისათვის, რომ ჩართული პოლიტიკურ შეთქმულებაში. ყველაფერი ამის მიუხედავდ ის საფრანგეთში გასივებული ფეხით საკაცეთი ჩაიყვანეს. ფეხი მოჰკვეთეს...მიზეზი ქოლგისებური მიმოზის ეკალი იყო, რომელიც რემბოს მუხლში შეესო და რომელმაც ეს ავადმყოფობა გამოიწვია. ამპუტაციამ მხოლოდ მცირე ხნით შეაჩერა სიკვდილის მოახლოვება. 1891 წლის 10 ნოემბერს 37 წლის არტურ რემბო მარსელის „უმანკო ჩასახვის“ სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ტკივილების შესამსუბუქებლად ბოლო დღეებში მას მორფს უკეთებენ. „ალლაჰ ქერიმ!(დე აღსრულდეს ალლაჰის ნება!)“ - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ რემბო აზრზე აღარც მოსულა. ჰალუცინაციებში ის თავის აფრიკელ მეგობრებს ხმამაღლა ესაუბრებოდა, დარწმუნებული იმაში, რომ ისინი მის გვერდით იყვნენ.
ნებისმიერი გარე მოგზაურობა ყოველთვის პარალელური მოგზაურობაა „შიგნით“, საკუთარი ქვეცნობიერის კოლონიზაციაა - გარეთ ხედავ იმას, რასაც უკვე მიუახლოვდი შიგნით. ყოველი დიდი მოგზაურობის ბოლოს იღებ არა იმას, რასაც გგონია რომ ეძებ, არამედ იმას, რასაც სინამდვილეში ეძებდი.
წყურვილი
იაფფასიანი პორნოგრაფიული წიგნები, მაგებისა და ფოკუსნნიკების სახელმძღვანელოები, მთვრალი იდიოტების მიერ შექმნილი და უცებ დავიწყებული სტროფები - ეს იყო როგორც რემბო ამბობდა, მისი ატონალური ტალანტის ცეცხლის საწვავი. შინაგანი გასხივოსნების საბაბი. მხოლოდ 4 წელი დაუთმო მან მართალი და გადამრჩენელი სახელების გნოსტიკურ ძიებას, ასოთა ფერებსა და მწერი ციფრების საიდუმლო ცხოვრებაში გარკვევას. „მე მოვედი საიქიოდან დავალებების გარეშე, თუმცა მწყურვალე“ - ამბობდა ის. 4 წელი ამ წყურვილის მოსაკლავად და ამის შემდეგ კიდევ 17 წელი ასკეტური დიეტა და არცერთი სტროფი, არცერთი პწკარი პოეზიისა, თითქოს მან მოიკვეთა თავისგან პოეზია, მოიკვეთა და განუდგა მას.
ამბობენ, პოეზია ავტორის ტვინის ნეირონების რეორგანიზაციის წარმატებული პროცესია, კითხვის დროს კი ის მკითხველის ტვინის ნეირონების გარკვეულ რეორგანიზაციასაც ახდენსო. პოეტები, რაღაცით შუშის ჩაქუჩებს ჰგვანან, რომლებიც „ოქროს ლურსმანზე“ დარტყმის შედეგად ნაწილებად იფშვნებიან და უკვე ახალი ჩაქუჩია საჭირო. ამ ლურსმნის ირგვლივ, რომელიც ნორმალურობის მერიდიანებს ამაგრებს, აბსენტის მწვანე შუქით გასხივოსნებული დამსხვრეული შუშის უკიდეგანო ოკეანე იშლება, ოკეანე, რომელიც მზადაა მიიღოს ნავიგაცია და მიმართულება დაკარგული მთვრალი ხომალდები, მთვრალ სხეულებთან ერთად...
Автор:
ჰერმან ჰესსე
на
3:59
5
коммент.
Ярлыки: რემბო Forever
